პროკურატურამ, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის მიერ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 53 მოქალაქის კუთვნილ 1 041 336 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს. თაღლითური ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, თითქოს იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ატყობინებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიის შედეგად საავადმყოფოში იმყოფებოდა. თაღლითური ჯგუფის წევრები უხსნიდნენ მათ, რომ ავარია გამოწვეული იყო მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით და პასუხისმგებლობის არიდების და სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ნაღდი ფულის გაგზავნა. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს დაითანხმებდნენ თანხის გადაცემაზე, დაზარალებულებთან კურიერის სტატუსით მიდიოდნენ და დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს ეუფლებოდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ ბრალდებულებს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.