საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, "საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს".
ტაბულამ საბანკო ასოციაციამდე ქართულ წამყვან ბანკებს - თიბისის და საქართველოს ბანკს ვახტანგ გომელაურისა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ მიმართა კითხვით - თუ აღასრულებენ სანქციებს ქართული ბანკები და გაუყინავენ ანგარიშებს სანქცირებულ პირებს. TBC-სა და BOG-ში გვითხრეს, რომ ერთიან, შეთანხმებულ განცხადებას საბანკო ასოციაცია გაავრცელებდა.
საქართველოს საბანკო ასოციაციაშო 14 ბანკი შედის - ბაზის ბანკი, ბანკი ქართუ, ზირაათ ბანკი, თიბისი ბანკი, იშბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, პაშა ბანკი, პროკრედიტ ბანკი, საქართველოს ბანკი, სილქ ბანკი, ხალიკ ბანკი საქართველო, ტერა ბანკი, პეისერა ბანკი საქართველო.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას მოადგილეს, მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დაუწესა.
"მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
ასევე, 19 დეკემბერს ივანიშვილის შსს-ს მაღალჩინოსნები (ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი, მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე) დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში მიზეზად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდგომ დაწყებულ პროტესტებზე, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა სახელდება. სანქციები ითვალისწინებს, როგორც სავიზო, ისევე ეკონომიკურ სანქციებს.
20 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ სანქცირებული ვახტანგ გომელაური დააწინაურა და ვიცეპრემიერად დანიშნა. ასევე თქვა, რომ "თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ [ამერიკული] სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას".





