უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ადასტურებს, რომ 19 დეკემბრის ღამით უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქის ნოვოშახტინსკის დასახლებაში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა.
გენშტაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამიზნე ქარხანა ერთადერთია რეგიონში, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ნავთობს აწვდის.
"ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ძალით, თავდაცვის ძალების სხვა შემადგენელ უწყებებთან თანამშრომლობით, იერიში მიტანილი იყო სააქციო საზოგადოების, "ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნის" საწარმოო ინფრასტრუქტურაზე". - წერია გენშტაბის განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. იერიშის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
"თავდაცვის ძალები ყველა ზომის მიღებას განაგრძობენ, რათა რუსი ოკუპანტების სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს ძირი გამოუთხარონ და რუსეთის ფედერაცია აიძულონ, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია შეწყვიტოს". - წერია განცხადებაში.
მანამდე, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იური სლუსარი, თავის Telegram-არხზე წერდა, რომ როსტოვის ოლქზე უკრაინამ 30-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით და 3 რაკეტით იერიში მიიტანა. მისივე თქმით, საჰაერო სამიზნეების "დიდი ნაწილი" "ნეიტრალიზებული" იყო.
"თუმცა, როგორც უკვე შეგატყობინეთ, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაზე ხანძარი გაჩნდა. [...] სამწუხაროდ, დრონის ფრაგმენტების ვარდნის გამო როსტოვში დასახლებაში ერთი ადამიანი დაშავდა. მას საჭირო დახმარება გაეწია. ინფორმაცია სხვა შედეგებზე ადგილზე კიდევ დაზუსტდება". - წერდა სლუსარი.
მოგვიანებით, სლუსარმა დაწერა, რომ ადგილობრივი დროით დილის 06:45 საათზე ხანძარი ჩააქრეს.





