რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკიმ და მაკრონმა უკრაინაში საფრანგეთის სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა განიხილეს

Thibault Camus/Pool via REUTERS/File Photo

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა, რა დროსაც, ლიდერებმა უკრაინაში საფრანგეთის სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის შესახებ მაკრონის ინიციატივაზე ისაუბრეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინაში საფრანგეთის სამხედრო კონტიგენტის გაგზავნის ინიციატივა განიხილეს

"დეტალური საუბარი მქონდა პრეზიდენტ მაკრონთან, რომლის ფოკუსიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პოზიციების გაძლიერებისთვის საჭირო საკვანძო პრიორიტეტები იყო. მთავარი ყურადღება გამახვილდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. [...] ჩვენ საერთო ხედვა გვაქვს: სანდო გარანტიები აუცილებელია მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ გავაგრძელეთ პრეზიდენტი მაკრონის ინიციატივაზე მუშაობა უკრაინაში კონტიგენტის არსებობაზე, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილიზებას" – წერს ზელენსკი X-ზე. 

დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპული ქვეყნები, ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინაში მასშტაბური სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას განიხილავენ.

Reuters-ს მიხედვით, საკითხის განხილვა დონალდ ტრამპის მიერ ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააქტიურდა, სადაც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტირებისთვის სამხედროებს არ გაგზავნის.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია, განხილვები კი ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, თუმცა, მოკავშირეებს შორის განსხვავები უკვე გამოიკვეთა. ქვეყნებს ჯერჯერობით სამხედრო მისიის მანდატისა და დანიშნულების შესახებ შეთანხმება არ აქვთ.

ფრანგული მედია კი წერს, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ დისკუსია გასული წლის თებერვალში ემანუელ მაკრონმა გახსნა, თუმცა, მის ინიციატივას ევროპული ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობა ჰქონდა. წყარო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ეს თემა არ დახურულა.

კომენტარები