“თქვენ იცით, თუ ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი” - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა კითხვას, თუ ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი.
ამგვარი არაპირდაპირი, თუმცა მაინც ცხადი პოზიცია დასავლელი პარტნიორების მიერ ოქტომბრის საპარლმანეტო არჩევნების ლეგიტიმურობის პირდაპირ აღიარებისგან თავშეკავების სტრატეგიის გაგრძელებაა. არჩევნებიდან თითქმის ორი თვის შემდეგაც კი ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ არ მიუღია ოფიციალური მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი უმეტესი სახელმწიფოსგან. დღემდე ქართული ოცნების გამარჯვება აღიარეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ჩინეთი, ვენესუელა, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
მაგალითად, არჩევნების შემდეგ დანიშნული ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთიმ განცხადებაში ბოჭორიშვილს ქართული ოცნების წარმომადგენელი, და არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდა.
პარალელურად პარლამენტმა, რომელიც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატებისგან შედგება უკვე აირჩია ქვეყნის შემდეგ პრეზიდენტად ანტი-დასავლური განცხადებების ცნობილი პარლამენტარი, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ჩაანაცვლოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის როლი ძირითადად ცერემონიულია, ზურაბიშვილი ამჟამად პრო-ევროპული და ანტი-სამთავრობო პროტესტის აქტიური მხარდამჭერი და ლიდერია.
“დღეს პრეზიდენტი ქვეყანაში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი და ლეგიტიმური ინსტიტუტია” - ამბობს ზურაბიშვილი, რადგან ის გაყალბების ბრალდებების გამო ოპოზიციასთან ერთად ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღირებს და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის მანდატის დატოვებას არ აპირებს.
ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ზურაბიშვილს მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, 29 დეკემბერს მოუწევს რეზიდენცია მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტს დაუთმოს და პრო-ევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის ფონზე არსებობს ალბათობა, რომ ისინი ძალის გამოყენებასაც არ მოერიდებიან. ხელისუფლება ასევე იღებს კანონს, რომელიც პრეზიდენტს ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურს მოუხსნის, თუმცა ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას ქუჩაში გამოსული ადამიანები იცავენ.
ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი კვლავ აქტიურად მუშაობს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ასპარეზზე და ფაქტია, რომ დასავლელი ლიდერები მის ლეგიტიმაციას, როგორც ქართველი პრო-ევროპელი მოქალაქეების წარმომადგენელს, მეტად აფასებენ.
ზურაბიშვილი იყო პირველი ქართველი ლიდერი, რომელიც ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალ ტრამპს შეხვდა და არჩევნების პრობლემურობასა და საპროტესტო აქციებთან მთავრობის მიერ ძალადობრივ ბრძოლაზე ესაუბრა. შეხვედრა საფრანგეთში შედგა, სადაც ზურაბიშვილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფებოდა და ამგვარი ურთიერთობა ზურაბიშვილის ევროკავშირის არაერთი ქვეყნის ლიდერთან აქვს.
პარლამენტის მიერ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ განცხადება გაავრცელა აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმაც, რომელიც თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. ამას მოჰყვა განცხადება ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპული ალიანსისგან (ALDE), რომელიც აგრძელებს ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ზურაბიშვილის აღიარებას.
ზურაბიშვილს მხარს უჭერენ ქართული ოპოზიციური ლიდერებიც, მათ შორის ის პარტიებიც, რომლებმაც არჩევნების შემდეგ საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს. ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება, ამდენად სალომე ზურაბიშვილი კვლავ რჩება საქართველოს პრეზიდენტად.
მაშინ, როცა აშშ-მ საქართველოს ხელისუფლებასთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ხოლო ევროკავშირმა მთავრობის წარმომადგენლებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება გადაწყვიტეს, ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ევროპარლამენტარებთან ერთად ევროკავშირის აღმასრულებელ ლიდერებს მიმართა.
სავარაუდოა, რომ დეკემბრის ბოლოდან საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა უფრო გართულდება. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი თვალთახედვიდან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება იმდენად, რამდენადაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაცია დგას ეჭვქვეშ.
ამჟამად დასავლელი ლიდერების მიერ ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე არაპირდაპირი გზავნილები დიპლომატიური გადმოსახედიდან გასაგები, თუმცა საქართველოში პოლიტიკური ცვლილებებისთვის მიღწევისთვის კონტრპროდუქტიულია. შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო მხარდაჭერის არსებობის შემთხვევაში ხალხის მიერ არჩეულ ბოლო პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აქვს პოტენციალი, მაკონსოლიდირებელი რგოლი იყოს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებებისა და სტაბილიზაციისთვის.
ავტორი: ირაკლი მაჩაიძე




