შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 28 ნოემბერს, მასობრივი აქციების დაწყების დღეს "საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფისთვის" ტენდერი გამოაცხადა, თუმცა 300 000 ლარის ღირებულების საკვების შესყიდვა არ შედგა.
დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღების ვადა 11 დეკემბერს ამოიწურა, ხოლო ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.
აღნიშნული ტენდერის ჩაშლის გამო შსს ძალოვნებისთვის ლანჩის ნაკრებების შესყიდვას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განაგრძობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კვების მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, "2022-2023 წლებში შსს-მ სამი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა არც ერთ მათგანში კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს, მათ შორის, არც იმ კომპანიამ, რომელთანაც სამინისტრომ [მანამდე] 1.2 მილიონი ლარის 7 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა."





