დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, საახალწლო ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ საშობაო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ 9 კომპანიამ თქვა.
აქამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციების ფონზე, 200-ზე მეტმა მეწარმემ უარი განაცხადა საშობაო ბაზრობებში მონაწილეობის მიღებაზე.
კალაძის მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია "ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს".
"გასულ კვირას სხვადასხვა ვებ-გვერდზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო, რომ მიეღო მონაწილეობა საახალწლო სოფელში, თითქოს 200-მდე მეწარმემ თქვა უარი.
ავრცელებდნენ სხვადასხვა ადამიანები ამ ტიპის ინფორმაციას, რაც არის ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს - მე მინდა, სწორი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას.
მოთხოვნა 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა გაკეთებული, ვისაც სურვილი ჰქონდა, საშობაო სოფელში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ცხადია ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ და ბოდიში მინდა მოვუხადო იმ კომპანიებს, იმ ადამიანებს ვინც ვერ ხვდება საშობაო სოფელში, მაგრამ რაც შეეხება იმ 200 კომპანიას...
ჩვენ დაგვაინტერესა, მართლა სიმართლეს შეეფერებოდა თუ არა ეს ყველაფერი.
[...] დავიწყეთ გადამოწმება და ჩვენმა სამსახურმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული საშობაო სოფელთან დაკავშირებით იმ კომპანიებიდან, რომელზეც იყო საუბარი.
ანუ, იმ 200 კომპანიიდან, მხოლოდ ცხრა კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული საშობაო სოფელში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით და ამ ცხრა კომპანიამ განაცხადა შემდეგ უარი - ასე რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს". - თქვა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისში საახალწლო სოფელი ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღსა და იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე მოეწყობა. დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო სოფელი 21 დეკემბერს გაიხსნება.





