რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კიევს ეწვევა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მისი სავარაუდო მომავალი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, კით კელოგი
Al Drago/The New York Times

Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი, კით კელოგი, რომელიც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინაში მომავალ სპეციალურ წარმომადგენლად წარადგინა, იანვრის დასაწყისში კიევსა და ევროპის სხვა რამდენიმე ქალაქს ეწვევა. 

გამოცემის თანახმად, კელოგი ამ პერიოდში მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს, არამედ კიევში უფროს თანამდებობის პირებს შეხვდება. როგორც Reuters იტყობინება, მისი გუნდი ასევე რომსა და პარიზში ლიდერებთან შეხვედრებზე მუშაობს. 

გამოცემის წყაროების თქმით, შეხვედრების მიზანს არა აქტიური მოლაპარაკებები, არამედ ძირითადად მომავალი ადმინისტრაციისთვის ფაქტების შეგროვება წარმოადგენს.

Reuters-თან საუბრისას ტრამპის გარდამავალის გუნდის სპიკერმა და თეთრი სახლის სავარაუდო მომავლმა სპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა დაგეგმილ შეხვედრებზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა, თქვა, რომ უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება არჩეული პრეზიდენტისთვის პრიორიტეტად რჩება.

"პრეზიდენტ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიან დასრულებაზე  სწრაფად მოლაპარაკება მისი მეორე ვადის დროს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იქნება". - თქვა ლევიტმა.  

კომენტარები