ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რუმინეთი კობახიძეს: იმედგაცრუებულები ვართ EU-ს შიდა განხილვების მცდარად წარმოდგენისთვის

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც დღეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების წინააღმდეგ ხმის მიცემისთვის რუმინეთს მადლობა გადაუხადა.  

"მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე" – თქვა კობახიძემ.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოკლე განცხადებაში გამოთქმულია იმედგაცრუება ევროკავშირში მიმდინარე განხილვების მცდარად გადმოცემის გამო. 

"ღრმად იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა განხილვების მცდარად წარმოდგენის გადაწყვეტილების გამო. ვისარგებლებთ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს ძლიერ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და საქართველოში მიმდინარე ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის თაობაზე"  – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

კომენტარები