ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს, რომელშიც, მათ შორის, საქართველოზეც საუბრობს.
საბჭო განცხადებაში ხაზს უსვამს და ხელახლა ადასტურებს ევროკავშირის "მზაობას, ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს". თუმცა, "ამავდროულად, იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის შესახებ".
ამასთან, საბჭო 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე წუხილს გამოხატავს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ "ევროკავშირის გზას სასწრაფოდ დაუბრუნდეს" და "დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები" გაატაროს.
საბჭო წერს, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ფუნდამენტური უფლებები დაიცვას.
ამასთან, საბჭო ასევე წერს, რომ ხელისუფლებამ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას პატივი უნდა სცეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყდეს. საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება და მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა უზრუნველყოს.
განცხადებაში საუბარია ასევე სასამართლოს შტოსა და "ზოგადად, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის" ნაკლებობაზე. ევროკავშირის საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად რეფორმები გაატაროს.
ევროკავშირის საბჭო ვიზალიბერალიზაციის მოსაგვარებელ ნიშნულებსაც ეხება და ხელისუფლებას მოუწოდებს, EU-ს სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაში მოვიდეს და ფუნდამენტური უფლებები უზრუნველყოს
ამასთან, განცხადებაში 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნაც არის ნახსენები და საბჭო ქართულ ოცნებას მოუწოდებს, "საარჩევნო ხარვეზები და მათ შესახებ ბრალდებები" გამოიძიოს და აღმოფხვრას.
გარდა ამისა, განცხადებაში წერა, რომ საბჭო ხელახლა მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების თვალსაზრისით, თანხვედრაში მოვიდეს.
წარმოგიდგენთ, თუ განცხადების ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება:
ევროპული საბჭოს ბოლო დასკვნების ფონზე, საბჭო ხელახლა ადასტურებს კავშირის მზაობას, ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს. ამავდროულად, იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის შესახებ, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონის მიღებაზე, ასევე სხვა კანონპროექტებზე, რომლებიც იმ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომლებზეც ევროკავშირში არის დაფუძნებული, და კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში გაწერილ ნაბიჯების მხრივ უკუსვლას წარმოადგენს. საბჭო იხსენებს, რომ ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში აღნიშნა, რომ ქმედების ასეთი კურსი საქართველოს ევროპულ გზას საფრთხის წინაშე აყენებს, რაც გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს. საბჭო წუხს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა.
საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას. საქართველოს ხელისუფლებამ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების უფლებას პატივი უნდა სცეს და ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ყველა ძალადობრივი ქმედება გამოძიებული უნდა იყოს და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირის გზას სასწრაფოდ დაუბრუნდეს და დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები შემოიღოს, რომლებიც ევროინტეგრაციის ძირეულ პრინციპებს შეესაბამება. საბჭო 2023 წლის კომისიის გაფართოების კომუნიკაციაში გაწერილი 9 ნაბიჯის შესრულებისთვის დაბრუნების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
საბჭო ღრმად შეშფოთებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში უკუსვლით. საქართველომ ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის, ასევე LGBTI პირების უფლებების სრული პატივისცემა უნდა უზრუვენლყოს.
დაშინება, ძალადობა და დისკრიმინაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს. იხსენებს რა, რომ ფუნქციური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის საკვანძო კომპონენტია, საბჭო საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ მის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება და პოლიტიკის წარმოებაში აქტიურად, ინკლუზიურად და შინაარსობრივად მონაწილეობა შეეძლოს.
საბჭო სერიოზული შეშფოთებით აღნიშნავს ეუთო/ოდირის წინასწარ მიგნებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს რამდენიმე ნაკლი და დაძაბული და ღრმად პოლარიზებული გარემო ახასიათებდა. დემოკრატიული ინსტიტუტების წესიერი მუშაობის პირობების გასაუმჯობესებლად, საბჭო საქართველოს მტკიცედ მოუწოდებს, გამოიძიოს და აღმოფხვრას საარჩევნო ხარვეზები და მათ შესახებ ბრალდებები და ეს და ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს სხვა რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა 9 ნაბიჯის ნაწილია.
საბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და მზარდი პოლარიზაცია დაძლიოს და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა პოლიტიკური დაძაბულობა უფრო გააღრმაოს, მაგალითად ანტი-EU რიტორიკა და დეზინფორმაცია.
საბჭო წუხს სასამართლო შტოს ფუნქციონირების უკუსვლით და, ზოგადად, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მზარდი ნაკლებობით. სასამართლო შტოს ყოვლისმომცველი რეფორმებისკენ სუბსტანციური ძალისხმევა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, კვლავ მოთხოვნილია. თანაბარი მნიშვნელობის არის კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ძლიერი მიღწევები და დეოლიგარქიზაციის ქმედებების შესრულება.
ეკონომიკური კრიტერიუმებით, საბჭო ყურადღებას აქცევს მომზადების საშუალო დონეს და ფუნქციური საბაზო ეკონომიკის განვითარებაში შეზღუდულ პროგრესს. საბჭო რეკომენდაციას უწევს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გატარების გაგრძელებას და საქართველოს მოუწოდებს, ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა გააძლიეროს და სხვა საჭირო სტრუქტურული რეფორმები გაატაროს.
საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს, რომ ვიზალიბერალიზაციის მოსაგვარებელი ნიშნულები სასწრაფოდ შეასრულოს, მათ შორის, EU-ს სავიზო პოლიტიკასთან თანხვედრაში მოსვლით, თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების მოგვარებით და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებით.
საბჭო ყურადღებას აქცევს საქართველოს მხრიდან EU-საქართველოს ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის, განგრძობით შესრულებას.
საბჭო ხელახლა ადასტურებს მისი მხრიდან საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისა და არაღიარების პოლიტიკისადმი, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფნის მეშვეობით.
საბჭო ხელახლა იმეორებს მის მტკიცე მოლოდინს საქართველოსგან, რომ ის სუბსტანციურად გაზრდის მის ძალისხმევებს, რათა სრულ თანხვედრაში მოვიდეს EU-ს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან, როგორც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტთან, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად. საბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ქმედებებისგან და განცხადებებისგან, რომლებიც საგარეო პოლიტიკაზე ევროკავშირის პოზიციებს ეწინააღმდეგება. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ EU-ს შემზღუდველი ზომებისთვის თავის არიდების პრევენციაში თანამშრომლობა გააგრძელოს.





