გერმანია

ბუნდესტაგმა შოლცს უნდობლობა გამოუცხადა; გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
Michele Tantussi/Getty Images

ბუნდესტაგმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, უნდობლობა გამოუცხადა, რასაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოჰყვება.

შოლცმა პარლამენტში უნდობლობის საკითხზე კენჭისყრა წინა კვირას ჩანიშნა. კენჭისყრის წაგების შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ავტომატურად ინიშნება. შოლცმა 733-ადგილიან პარლამენტში 207 ხმა მოიპოვა. მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხმათა უმრავლესობის (367 ხმა) მოპოვება სჭირდებოდა.

ახლა გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პარლამენტის დაშლის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

ნოემბერში გამოცემა POLITICO-მ გაავრცელა ცნობა, რომ გერმანია რიგგარეშე ფედერალურ არჩევნებს 2025 წლის 23 თებერვალს გამართავს.

7 ნოემბერს გავრცელდა ცნობები, რომ გერმანიის მმართველი შუქნიშნის კოალიცია, რომელიც სამი პარტიისგან: გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD), თავისუფალი დემოკრატებისა (FDP) და მწვანეებისგან შედგებოდა, დაიშალა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრსა და კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის ლიდერს, ქრისტიან ლინდნერს ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოებების გამო თანამდებობიდან ათავისუფლებდა. 

რა მოხდება გერმანიის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ?

ამასთან, ცოტა ხნის წინ შოლცმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ბუნდესტაგში მისი მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა შობამდე დააყენოს.

"ჩემთვის არ არის პრობლემა, რომ ნდობის შესახებ კენჭისყრა შობამდე დავაყენო, თუ ყველა შეთანხმდება. […] ჩემს სამსახურს არ ვებღაუჭები“. - თქვა შოლცმა ARD-სთან საუბრისას.

როგორც შოლცმა ARD-სთან ინტერვიუში თქვა, ბუნდესტაგში მთავრობის ნდობის საკითხზე კენჭისყრა წლის ბოლომდე იმ შემთხვევაში იქნება, თუ შოლცის სოციალდემოკრატიული პარტიის (SPD) თავმჯდომარე, როლფ მიუტცენიხი და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი თარიღზე შეთანხმდებიან.

კომენტარები