ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რადიო თავისუფლება: EU-მ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დაიწყო

Stefan Wermuth/Bloomberg

გამოცემა რადიო თავისუფლება წერს, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტა და ევროკომისიას დაავალა, რომ ამის თაობაზე ფორმალური დოკუმენტი წარადგინოს. 

გამოცემის ინფორმაციით, EU-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების დაწყებას კვალიფიციურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, რაც წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინიმუმ 55%-ს, რომლებიც მთლიანი მოსახლეობის, სულ მცირე, 65%-ს უნდა შეადგენდნენ. 

რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისიას საკითხზე მუშაობა დაწყებული უკვე ჰქონდა და დოკუმენტს რამდენიმე დღეში წარადგენს. 

მანამდე, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის უფროს ოფიციალური პირზე დაყრდნობით X-ზე წერდა, რომ 16 დეკემბერს "საქართველოს შესახებ ბლოკის საგარეო მინისტრებს შორის განხილვა იქნება და "შესაძლო ახალ ზომებს მიიღებენ"". 

დღეს, 16 დეკემბერს, იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ EU საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდებოდათ. 

"უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამის წინააღმდეგ არიან. რაც შესაძლოა მოხდეს, არის საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა ამის განხორციელებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს" - წერდა რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე

კომენტარები