რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსეი ლობარევი სოციალურ ქსელებში წერს, რომ საპროტესტო აქციების მსვლელობისას საქართველოში თავისი კოლეგების მოწვევით იყო ჩამოსული.
ლობარევი სოციალურ ქსელებში შესაბამის ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს.
"ქართველი კოლეგების მიწვევით, როგორც რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, გავემგზავრე მივლინებაში, რომ ადგილზე გავცნობოდი ანტისამთავრობო დემონსტრაციებით გამოწვეულ სიტუაციაში.
პირდაპირ ვიტყვი, ქართველების უმეტესობა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. დაშავებულია 150 პოლიციელი: დამწვრობები, მოტეხილობები, თავისა და სახის ტრავმები. ორგანიზებული ბოევიკების ჯგუფები იყენებენ ფოიერვერკს, მოლოტოვის კოქტეილებს, ხელკეტებს, კასტეტებს და სპეციალურ შურდულებსაც კი.
ორ რამეს მინდა გავუსვა ხაზი:
1. საღამოსა და ღამის პროტესტის მიუხედავად თბილისში დღისით ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიედინება.
2. საქართველოში რუსეთისადმი დამოკიდებულება ბოლო თვეებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ქუჩებში, ბაზრობებზე, მაღაზიებსა და კაფეებში რუსულად თავისუფლად ვლაპარაკობდი, ყველას ჩემი ესმოდა და რუსულადვე მპასუხობდა.
აუცილებელია იცოდეთ, რომ პროფკავშირები პარტიულობისა და პოლიტიკის მიღმა არიან. მათი მთავარი მიზანი სამართალდამცავების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა". – წერს ლობარევი.
ამ ეტაპზე უცნობია ვის გულისხმობს საკუთარ კოლეგებში ლობარევი - შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ პროფკავშირებს. არც ის არის ცნობილი იყო თუ არა საერთოდ მოწვეული ეს ადამიანი რაიმე ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურის მიერ.
ტაბულამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხში გარკვევის მიზნით. პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
ლობარევმა ასევე გამოაქვეყნა 2 ვიდეო, სადაც ერთმანეთს დღისა და ღამის თბილისს ადარებს.
პროფკავშირების ასოციაციების ხელმძღვანელს პირად გვერდზე დადებული აქვს რამდენიმე პუბლიკაცია ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაცია ეძღვნება მისი თანაავტორობით დაწერილ წიგნს - "ექსტრასენსების თანამშრომლობა პოლიციასთან და სამართალდამცავებთან".

გარდა ამისა, ლობარევი რამდენჯერმე ყოფილი დღის გასართობი რუსული შოუების სტუმარი.