ევროკავშირში გაწევრიანება

ფონ კრამონი: მმართველი პარტია გავაფრთხილე, ევროკავშირში შესვლისგან ყველაზე შორს რომ არიან

ვიოლა ფონ კრამონი

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამართულ ონლაინ შეხვედრაზე მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს ევროკავშირში გაწერვიანების პერსპექტივაზე, მმართველ პარტიასა და მათთვის არა მხოლოდ კომენტარებით, არამედ ფინანსური პასუხის გაცემის საჭიროებაზე ისაუბრა.

"ერთი მხრივ [მმართველი პარტია] გვჭირდება, გვინდა მათი ბორტზე ყოფნა, ისინი არიან ჩვენი პარტნიორები პარლამენტში, მაგრამ რიტორიკაზე, სიძულვილის ენაზე, დაშინებაზე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე ჩვენს განცხადებებში პოზიცია ცხადად უნდა დავაფიქსიროთ. ასევე ძალიან ცხადად უნდა ვაჩვენოთ, რა იქნება შედეგები და რას ნიშნავს ეს ევროპარლამენტთან ურთიერთობაში და მეტიც, ევროკავშირთან მიმართებაში.

ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ყველა წევრი გავაფრთხილე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების გამოცხადების მიუხედავად, ისინი ევროკავშირში რეალურად მიღებისგან იმაზე მეტად შორს არიან, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილან", – თქვა ევროპარლამენტარმა.

"[ევროკავშირში] ასოცირების შეთანხმება ჯერ კიდევ ამჟამინდელი პოლიტიკური ჩარჩოა, რომელიც საერთოდ არ სრულდება, არ არის მიღებული არანაირი თვალსაზრისით. ამისგან შორს არიან. სასამართლოსა და სხვა რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებს ისინი თითქმის ყოველ დღე შორდებიან", – დაამატა ფონ კრამონმა.

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ის თვლის, რომ ქართული ოცნების მიერ დაპირებული რეფორმებისგან დაშორების საპასუხოდ მხოლოდ კომენტარების გაკეთება არ კმარა და საჭიროა ფინანსური პასუხის გაცემაც. მისი თქმით, ევროკავშირის მოქალაქე გადასახადის გადამხდელების ფული არ უნდა იხარჯებოდეს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არ სურს საკუთარი ხალხისთვის დაპირებული რეფორმები გაატაროს.

"ჩვენ მხოლოდ კომენტარის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, ამაზე ფინანსური პასუხის გაცემაცაა საჭირო. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფული იმ ქვეყანაში გავგზავნოთ, რომელიც რეალურად არაა მზად შეასრულოს პირობები და საკუთარი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დემოკრატიული რეფორმების ერთგული დარჩეს. ეს რეფორმები არაა ევროკავშირისთვის, ეს რეფორმები არის ქართველი ხალხისთვის", – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

ფონ კრამონი შეეხო მმართველი პარტიის ანტიევროპულ რიტორიკასაც, რომელმაც დააბნია. მისი თქმით, ის ვერ არის თუ არა ეს ქართველი ხალხის უმრავლესობის პოზიცია, რომლის გამოყენაბასაც ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ცდილობდა.

"ანტიევროპული რიტორიკა ჩემთვის საშინლად გამაღიზიანებელი და დამაბნეველი იყო. იქნებ ქართველი კოლეგები დაგვეხმარონ და გაგვარკვიონ არის თუ არა ეს ქართველების უმრავლესობის მოლოდინი, რომ მმართველმა პარტიამ ასე გამოხატოს თავი და ამით სარგებელი მიიღონ არჩევნებზე. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რადგან NDI-ის და სხვა კვლევებით მქონდა წარმოდგენა, რომ საქართველო კიდევ ძალიან პროევროპული და ევროკავშირის მომხრე ქვეყანაა. გაკვირვებული და გაღიზიანებული ვიყავი ამ ახალი ტონით, რიტორიკით, რომელსაც იმპერიულ ძალად გამოვყავდით, თითქოს საქართველოს ისეთ რამეს ვაძალებდით", – თქვა ვიოლა ფონ კრამონმა.

კომენტარები