ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბრაიზა: "ოცნებამ" არჩევანი გააკეთა, ის მუშაობს ვლადიმირ პუტინის საქმეების შესასრულებლად

მეთიუ ბრაიზა

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზამ.

ბრაიზამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებზე და მათ ეფექტურობაზე ილაპარაკა:

"ეს არის სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილება. სიმბოლურია, რათა აჩვენოს საქართველოს მთავრობას, რომ ამერიკა გაბრაზებულია, თუმცა, ვიცით, რომ მათ ეს არ ადარდებთ. სიმბოლურია იმიტომაც, რომ ამას ფინანსური შეზღუდვები არ მოჰყვება. ეს არ არის "გლობალური მაგნიტკსის აქტის” ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა, შესაბამისად არავის აქტივები არ გაიყინება.

ვსაუბრობთ მხოლოდ სავიზო შეზღუდვაზე და არ ვიცით ზუსტად, ვინ არის ეს 20 ადამიანი. თუმცა, ამის გარდა, ამ სანქციებით, ჩვენ ვსაუბროთ სხვა მნიშვნელოვან სიმბოლოებსა და სიგნალებზე. ამ ნაბიჯით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება "ქართულ ოცნებას", რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას შეეხებოდა. თუ სწორად მახსოვს, მათი სლოგანი იყო: '"ღირსებით ევროპისკენ". ფაქტზე, რომ არჩევნებიდან მალევე, თითქმის ერთ თვეში, პრემიერმინისტრმა გამოაცხადა ევროპასთან ასოცირების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ-რომელსაც მოსახლეობის, მინიმუმ 80% ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება- სწორედ ამაზე ამერიკა ამბობს, რომ [დაპირება] ტყუილი იყო, რომ ეს არადემოკრატიულია; რომ ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, არ არის დემოკრატი".

ბრაიზას აზრით, უფრო დიდი მნიშვნელობა ევროკავშირის სანქციებსა და გზავნილებს ექნება, ვიდრე ვაშინგტონისასა:

"ევროკავშირიდან გზავნილს გაცილებით უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე იმას, რას იტყვის, ან გააკეთებს ვაშინგტონი. ასე რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ გადაწყვეტს, რომ იგივე მიდგომა ჰქონდეს საქართველოს მთავრობისადმი სანქციებთან მიმართებაში, ამაზე არ ვიღელვებ, რადგან გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება".

ყოფილმა მაღალჩინოსანმა პრემიერმინისტრ კობახიძის გადაწყვეტილებას "არასწორი განსჯა" ან "ამპარტავნების ნიშანი" უწოდა:

რაც შეეხება პრემიერმინისტრის ამ ბოლო გადაწყვეტილებას. ეს ან პოლიტიკურად არასწორი განსჯის და ამპარტავნების ნიშანი იყო, იმის გაუცნობიერებლობა როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი ამას, ან მას უბრალოდ არ აინტერესებდა [რა მოჰყვებოდა ამას], ან უბრალოდ, აშკარა პროვოკაციაა. მას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებამ [თავის დროზე] გამოიწვია ჯერ მაიდანი, შემდეგ კი რევოლუცია უკრაინაში".

ბრაიზას თქმით ქართულმა ოცნებამ რუსული კურსი ჯერ კიდევ ანაკლიის პორტის გაუქმების დღიდან აირჩია:

"ქართულმა ოცნებამ თავისი არჩევანი გააკეთა. ის მუშაობს ვლადიმირ პუტინის საქმეების შესასრულებლად. ამას ანაკლიიის პორტის გაუქმების დღიდან აკეთებს. ის ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ასოცირების ვექტორი გაანადგუროს. ეს ისეთი დიდი და პროვოკაციული ნაბიჯია, საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ არ მგონია მათ სანქციები საერთოდ ადარდებდეთ. თუმცა, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მათ აწესებდეს".

მეთიუ ბრაიზასთან სრულ ინტერვიუს გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები