ლარი დოლართან 1.89 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.04 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8512 ლარია, ერთი ევროსი - 2.9946 ლარი. აღსანიშნავია, რომ 12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ 42 ვალუტასთან გაუფასურდა და მხოლოდ ტაჯიკურ სომონთან გამყარდა.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.91 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.06 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.87 ლარია, ევროსი - 3.02 ლარი.
აღსანიშნავია, რომ წინა კვირის ბოლო სამი ვაჭრობისას, ლარი გამყარდა. თუმცა, მთლიანობაში, ბოლო ორ კვირაში ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან 11-11 თეთრით გაუფასურდა. ეს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შემდეგ მოხდა.
5 დეკემბერს ირაკლი კობახიძეს ბრიფინგზე რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, რამ გამოიწვია ლარის სამდღიანი გამყარება და ამისთვის ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები ხომ არ გაუყიდია. კობახიძის თქმით, "რაიმე არსებითი ინტერვენციის საჭიროება არ ყოფილა, როგორც კი დასტაბილურდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ჩამოვიდა კურსი დაბლა".
"ეროვნული ბანკი სხვადასხვა ზომას იღებს, მარტო სავალუტო რეზერვების გაყიდვაზე არაა საუბარი, იღებს სხვადასხვა ზომას იმისთვის, რომ იზრუნოს კურსის სტაბილურობაზე და მადლობა კიდევ ერთხელ ეროვნულ ბანკს, პირადად ქალბატონ ნათია თურნავას ძალიან ეფექტიანი და ეფექტური მუშაობისთვის.
და მეორე, რა თქმა უნდა, საერთო პოლიტიკური ვითარება. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წინა მოვლენები, როგორც კი კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობდა ქვეყანაში ვითარების არევას, იზრდებოდა ლარის კურსი, თუმცა, როგორც კი ეს მცდელობა ჩავარდებოდა, მაშინვე კურსი ჩამოდიოდა ქვემოთ" - თქვა კობახიძემ 5 დეკემბერს.