ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

"ვგმობთ ხალხის ნების უგულებელყოფას" – კინოაკადემიისა და კინემატოგრაფისტების განცხადება

ფოტო საპროტესტო აქციიდან, 28 ნოემბერი

საქართველოს კინოაკადემიის წევრები და კინოს სფეროს სხვა წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ამ დროისთვის 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 

"ქართული ოცნება არ აღიარებს შექმნილ კრიზისს და მისი ქმედება, პირიქით, ესკალაციისკენ არის მიმართული.

მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, ამიტომ:

  • ვგმობთ "ქართული ოცნების" მიერ ქვეყნის კონსტიტუციურად განსაზღვრული კურსიდან გადახვევას და ხალხის ნების უგულებელყოფას;
  • ვემიჯნებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ ქმედებას, უკანონო დაკავებასა და წამებას;
  • ვგმობთ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას და რიგ შემთხვევაში სამსახურებრივ მოვალეობაზე - ადამიანის დაცვაზე - უარის თქმას, რაც ხელს უწყობს კრიმინალური დაჯგუფებების წახალისებას;

ამის გათვალისწინებით, ვგრძნობთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და აუცილებლობას გამოვუცხადოთ სოლიდარობა:

  • ყველა უკანონოდ დაკავებულს;
  • იმ ადამიანებს, ვისაც ფიზიკურად უსწორდებიან, სახლში უვარდებიან, ქუჩაში აკავებენ და სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან. 
  • ყველა ჟურნალისტს, რომელიც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს იქცა ძალადობის მსხვერპლად. 
  • ყველა ჩვენს კოლეგას, რომელიც ძალადობისა და დევნის ობიექტი გახდა.

ვითხოვთ: 

  • ყველა უკანონოდ დაკავებულის უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას;
  • ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს"; - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები