ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი სამი ოპოზიციური ძალის ერთობლივ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც წერია, რომ ისინი 14 დეკემბერს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებენ.
მიჰკელსონი X-ზე კოალიცია ცვლილებებისთვის, ძლიერი საქართველოსა და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის განცხადებას აზიარებს და წერს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა გამოაცხადონ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებენ.
"დასავლეთის ქვეყნებმა უნდა წინასწარ გამოაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის დაგეგმილ გადაწყვეტილებას, შაბათს ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. საქართველოს ერთადერთი კონსტიტუციური ინსტიტუტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. კონსტიტუციური კრიზისის გადასაჭრელად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს". - წერს მიჰკელსონი.
მანამდე, სამმა ოპოზიციურმა ძალამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ისინი ხელისუფლების არცერთი შტოს ლეგიტიმურობას არ ცნობენ, მათ შორის, არც 14 დეკემბერს ჩანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს აღიარებენ.
ოპოზიციური პარტიები ხაზს უსვამენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტია და პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი რჩება.
გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან თანადგომას აფასებენ და მკვეთრ და ქმედით ნაბიჯებს ელიან.