საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვთ. მათივე თქმით, აუდიენციაზე განიხიელს გადასადგმელი ნაბიჯებიც.
"ძალიან მნიშვნელოვანია ამ რანგის ვიზიტი, სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და ძალიან კარგად ესმით რა სიტუაციაა. საუბარი იყო რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი მხრიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ამბობს, კრიზისიდან გამოსასვლელად, ახლა დროა ევროპელმა პარტნიორებმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან:
"აქ საუბრის სივრცეც და დროც ნაკლები დარჩა, ხარ ქომაგი ქვეყნის, საქართველოს, ქართველების? მიიღე გადაწყვეტილება, აღასრულე, მხოლოდ ფურცელებზე დატოვებული ხელმოწერა ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს კრიზისი გადაილახოს. კრიზისი გადალახვადია იმ შემთხვევაში თუ მძიმე, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება აღსრულებული. ვგულისხმობ მათ შორის, სანქცირებასაც, ერთია რომ შენ რეზოლუციას შეიმუშავებ და გამოსცემ და მეორეა ამას აღასრულებ თუ არა და როდის თუ არა ახლა", - თქვა ნიკა მელიამ.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას:
"განიხილება სანქციები. წინა მინისტერიალზე, რომელსაც მეც ვესწრებოდი ბრიუსელში, მაშინ ჯერ კიდევ საუბარი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ახლა ვიცით, რომ ბრიუსელში საუბარია ასოცირების ხელშეკრულების შეჩერებაზეც, ისვე როგორც ინდივიდუალური სანქციებზე ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, თუმცა ამას კონსენსუსი სჭირდება, რომელსაც ივანიშვილს მოკავშირე ვიქტორ ორბანი საბჭოში ბლოკავს, თუმცა განიხილება ყველა ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის შეზღუდვა მოხდეს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან", - თქვა თინა ბოკუჩავამ.
გახარია საქართველოსთვის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი და ევროპული სტრუქტურები 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ.
"საუბარი ბევრი მიმართულებით წარიმართა, ბევრი შესაძლო ნაბიჯის შესახებ, რომელიც შესაძლოა ევროკავშირმა გადადგას. რთული მექანიზმია ევროკავშირი და გადაწყვეტილების მიღებას შესაძლოა, სრული მხარდაჭერა სჭირდებოდეს, მაგრამ არის სივრცეები, სადაც შესაძლებელია ევროკავშირმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ასეთი შეიძლება იყოს მათ შორის, კონკრეტული ადამიანებისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისთვის ვიზების შეზღუდვა, მათი არ მიღება საპარლამენტო დიპლომატიის დონეზე და ა.შ. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რომ ევროკავშირი და ევროპული სტრუქტურები არ აღიარებენ ლეგიტიმაციას 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების",- ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
გუშინ, ევროდეპუტატმა რასა იკნევიჩიანემ დაწერა, რომ კოლეგებთან ერთად საქართველოში ჩამოდიოდა.