ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქციაში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ - NGO-ები

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებს.

"ბოლო დღეებში, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ. შესამჩნევია, რომ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ურეკავენ და დეპარტამენტში დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. დეპარტამენტის თანამშრომლები მათ დაბარების სამართლებრივ საფუძველს არ უმარტავენ. ამასთან, მათ უმრავლესობას საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი აქვს". - წერია NGO-ების განცხადებაში.

ასევე, ორგანიზაციების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტში მისულ ერთ-ერთ ადამიანს, სხვა ქვეყნის გავლით, საქართველოს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს.

"მშვიდობიან აქციებში მონაწილეობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. მიგვაჩნია, რომ ამ ღონისძიების გამოყენება, ამ პირებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების პარალელურად, დაუსაბუთებელია და უნდა შეწყდეს". - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

NGO-ების განცხადებით, მიგრაციის დეპარტამენტში დაბარების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ:

  • მოითხოვონ განმარტება, რა მიზნით ხდება მათი ადმინისტრაციულ ორგანოში დაბარება;
  • მოითხოვონ ოფიციალური უწყების წერილობითი ფორმით გამოგზავნა;
  • დაუკავშირდნენ მათი ქვეყნის საკონსულოს/საელჩოს საქართველოში;
  • დაუკავშირდნენ ადვოკატს და მიიღონ სამართლებრივი დახმარება.

განცხადებას ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
  • უფლებები საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი

კომენტარები