შრომის ინსპექციის განცხადებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ. მათი ცნობით, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა არცერთი თანამშრომლის განცხადება თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ არცერთი თანამშრომლის განცხადება, თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე, შრომის ინსპექციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი, გათავისუფლების შესახებ დააფიქსირებს სურვილს, შრომის ინსპექციის სამსახური იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
აქვე აღვნიშნავთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის არცერთი, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლის უფლება და თავისუფლება არასდროს შეზღუდულა.
შრომის ინსპექციის სამსახური დგას ღირებულებებზე, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისაგან" - ნათქვამია განცხადებაში.
მედიამ მიიღო ანონიმური წერილი, რომლის ავტორის თქმითაც, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე თანამშრომლებს "უმკაცრესი" დასჯით დაემუქრა - თუ აქციაზე გავიდოდნენ ან საჯაროდ დაწერდნენ რამეს. წერილის ავტორის თქმით, აეკრძალათ განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლაც.
"ყოველივეს მოსმენის შემდეგ დავრწმუნდით, რომ ჩვენზე, როგორც საჯარო მოსამსახურეებზე, სურთ განახორციელონ ტოტალური კონტროლი და მივიღეთ გადაწყვეტილება, კოლექტიურად დავწეროთ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება ყველა სტრუქტურული ერთეულისა და დანაყოფის დასაქმებულებმა და შევუერთდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს ჩვენი მომავლის დასაცავად.
ამის შესახებ ვაცნობეთ სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც დრო ითხოვა რაღაცეების გასარკვევად და გვაქვს დიდი ეჭვი, რომ სწორედ ამ დროში მოახდენენ ჩვენს გატეხვას და დაშინებას. ინიციატორების მწარედ დასჯას" - ნათქვამია ანონიმურ წერილში.