ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში - კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა - საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ოპოზიციისა და დემონსტრაციების ლიდერების დაკავებებსა და მათთვის შეფარდებულ წინასწარ პატიმრობებზე, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათ ოფისებში მოწყობილ ჩხრეკებზე.
"დაკავებების დროს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ძალის გადამეტებულ გამოყენებაზე ცნობებთან ერთად, ეს კითხვას აჩენს შესაძლო პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესახებ, რასაც ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული". - წერია კლოდ კერნისა და ედიტე ესტრელას განცხადებაში.
ამასთანავე, თანამომხსენებლებმა დაგმეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის ახალგაზრდების, წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე, რაც "კვლავ გრძელდება და რასაც საქართველოს სახალხო დამცველიც ადასტურებს".
"როგორც ჩანს, დაუსჯელობის განცდა არსებობს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობასა და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც მიუღებელია". - წერია განცხადებაში, რომელშიც კერნი და ესტრელა მთავრობას მოუწოდებენ, სრულად სცეს პატივი გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებებს, რაც, მათი თქმით, ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებაა.
ამას გარდა, მათ მთავრობას მოუწოდეს, სრულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ გამოიძიოს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ძალის გადამეტების ყველა ცნობა, და პასუხისმგებელ პირებს კანონის შესაბამისად აგებინოს პასუხი.
"დაუსჯელობა ასეთი მიუღებელი ქმედებისთვის უნდა დასრულდეს". - წერენ კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ერთობლივ განცხადებაში.





