ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ზუსტად იმ წესით ჩატარდება, როგორითაც 2017 წლის არჩევნები ჩატარდა. მიმდინარე კვირაში ერთპარტიული პარლამენტი 20-ზე მეტ საკითხზე იმსჯელებს, მათ შორის, საარჩევნო კოდექსზე, რომლის მიღებასაც ქართული ოცნება დაჩქარებული წესით აპირებს.
"2025 წლის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, ყველა ნორმის დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4%-იანი ბარიერით, 2017 წელს რაც იყო, ყველა პუნქტი იქნება დაცული. არცერთი სხვა გადაწყვეტა არ იქნება შედეგის თვალსაზრისით.
კითხვის დასმას ვერ შეგიზღუდავთ, მაგრამ იგივე პასუხს მიიღებთ, რადგან არცერთი პუნქტი არ იქნება 2017 წლის რეგულაციისგან განსხვავებული" - ამბობს მდინარაძე.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2021 წლის ივნისში დაამტკიცა. "ამბიციური საარჩევნო რეფორმა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისას ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო.
2017 წლისგან განსხვავებით, 2021 წლის საარჩევნო კოდექსით აიკრძალა არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ასევე, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. გარდა ამისა, წინა არჩევნებზე აკრძალული იყო კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას 4%-დან 2.5% (თბილისი) და 3%-მდე (სხვა მუნიციპალიტეტები) შემცირდა საარჩევნო ბარიერი. ასევე, გაიზარდა პროპორციულად არჩეულ საკრებულოს წევრთა წილი. გარდა ამისა, ადგილობრივ ერთმანდატიან ოლქებში გასამარჯვებლად, ხმების უმრავლესობის ნაცვლად, კანდიდატებს 40%-ზე მეტი მხარდაჭერა უნდა მოეპოვებინათ.





