სირიის სამოქალაქო ომი

ცნობების მიხედვით, ასადის არმიამ დეირ ელ-ზორი დატოვა, ქალაქი ქურთებმა დაიკავეს

სირიის დემოკრატიული ძალების წევრი

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის არმიამ ქალაქი დეირ ეზ-ზორი, იგივე დაირ ელ-ზავრი დატოვა. ეს ქალაქი ამავე სახელწოდების რეგიონის ცენტრია. 

X-ზე გავრცელებულ ცნობებში ნათქვამია, რომ ქალაქი სირიის დემოკრატიულმა ძალებმა (SDF) და აშშ-ს მიერ გაძღოლილმა კოალიციურმა ძალებმა დაიკავეს. მათ კონტროლი დაამყარეს ამავე მიდამოებში მდებარე სამხედრო აეროპორტზეც.

ძირითადად ქურთების მიერ დაკომპლექტებულმა SDF-მა წინსვლა თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების პარალელურად, აღმოსავლეთ სირიაში, მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე დაიწყო.

პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ ქალაქი ჰამას დაკავების შემდეგ, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები ჰომსში შესვლას იწყებენ.

SDF-ი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიურ ადმინისტრაციას, იგივე როჟავას აკონტროლებს. ეს არის სირიელი ქურთების დე ფაქტო ავტონომიური რეგიონი. მათი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთი და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებია. SDF-ის სამხედრო რაზმები სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) და ქალთა დაცვის დანაყოფებია (YPJ).

წარსულში სირიელი ქურთების მთავარი პარტნიორი აშშ იყო. SDF-ის ძალები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს, ISIS-ს.

მიუხედავად იმისა, რომ SDF-ი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან დაპირისპირებულია, მათ შორის კონფლიქტის მასშტაბები დიდ არ იყო და ფაქტობრივად ურთიერთგაგება გააჩნდათ.

სახალხო თავდაცვის დანაყოფები სირიის არმიის ქურთი დეზერტირებისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) გამოცდილი მებრძოლების მიერ შეიქმნა. PKK ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირებულია თურქეთთან. ანკარას როგორც PKK, ისე YPG ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული. YPG-ს მხარს უჭერენ ერაყელი ქურთებიც.

კომენტარები