ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მედია: დაუდასტურებელი ცნობით, ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე დასაკავებელ პირთა სიაშია

ონლაინგამოცემა OC Media-ს ერთ-ერთი დამაარსებელი და დირექტორი, მარიამ ნიკურაძე
გიორგი ნაკაშიძე via OC Media

ონლაინგამოცემა OC Media წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს დაუდასტურებელ ცნობას, რომ გამოცემის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მარიამ ნიკურაძე დასაკავებელ პირთა სიაშია.

OC Media-ს მიხედვით, წყარომ მათ 48 პირის სია მიაწოდა, რომელშიც შეყვანილ ადამიანებზე, სავარაუდოდ, დაკავების ბრძანება არის გაცემული. გამოცემა წერს, რომ სიაში პირთა სახელები, გვარები და პირადი ნომრები არის მოცემული. 

ონლაინგამოცემის თანახმად, მათი წყარო სიის ავთენტურობას ვერ ადასტურებს, თუმცა მასში შეყვანილები არიან ადამიანები, რომლებიც უკვე დააკავეს, მათ შორის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.

გარდა ამისა, გამოცემა პუბლიკას თანახმად, დამოუკიდებელმა წყარომ მათაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნიკურაძე დასაკავებელ პირთა სიაში არის შეყვანილი.

ამასთან, ინფორმაციის შესახებ ნიკურაძე Facebook-ზე წერს

"მეგობრებო, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩემ დაკავებაზე აქვთ ბრძანება, იცოდეთ. გადაუმოწმებელია, 100 პროცენტით არ ვიცი, მაგრამ პრევენციულად იცოდეთ". - წერს ნიკურაძე. 

მანამდე, საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ნიკურაძის წინააღმდეგ პოლიციამ  წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი მიზანმიმართულად გამოიყენა, რის გამოც მას კამერა დაუზიანდა. 

მოგვიანებით, აქციაზე პოლიციამ ნიკურაძის დაკავება სცადა და კედელს შეაჯახა, რის შედეგადაც მას მეორე კამერაც დაუზიანდა. 

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს შსს-მ განაცხადა, რომ თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან სთენდაფერი ონისე ცხადაძე და მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები