საფრანგეთი

მაკრონი ახალ პრემიერს მომდევნო დღეებში დანიშნავს

REUTERS/Gonzalo Fuentes/Pool/File Photo

მთავრობის დაშლის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანას მიმართა.

სიტყვით გამოსვლაში მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის პოსტს ვადია გასვლამდე, 2027 წლამდე დაიკავებს და აღნიშნა, რომ ახალ პრემიერმინისტრს მომდევნო დღეებში დანიშნავს.

მაკრონის თქმით, იწყება ახალი ერა და საჭიროა საფრანგეთისთვის ერთობლივი მუშაობა. მისივე თქმით, ქვეყანას "ხელახლა აშენება" სჭირდება.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მაკრონმა თქვა, რომ "ექსტრემისტი მემარჯვენეები და ექსტრემისტი მემარცხენეები ანტირესპუბლიკურ ფრონტში გაერთიანდნენ".

საფრანგეთის 577 დეპუტატიდან 331-მა უნდობლობის გამოცხადებით, მიშელ ბარნიეს გადაყენებას მისცა ხმა მას შემდეგ, რაც მან ქვეყნის დეფიციტის შემცირებისკენ მიმართული ბიუჯეტი წარადგინა.

უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, 5 დეკემბერს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მიშელ ბარნიემ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს საკუთარი მთავრობის დათხოვნის შესახებ ფორმალურად აცნობა და ელისეის სასახლეში ესაუბრა.

ბოლო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ საფრანგეთი პოლიტიკურ კრიზისშია.

კომენტარები