სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინააღმდეგ გამოძიება "აჯანყების" მუხლით მიმდინარეობს მის მიერ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გამო.
აჯანყება იმ ორ დანაშაულს შორის ერთ-ერთია, რომლისგანაც იმუნიტეტი პრეზიდენტსაც არ აქვს. მეორე მხრივ, პრეზიდენტს აქვს პოლიციის უფროსისა და გენერალური პროკურორის შეცვლის უფლებამოსილება, რაც გამოძიების ჩატარებას ძალიან ართულებს.
სავარაუდოდ, სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ იუნს იმპიჩმენტს მოუწოდებენ, ან როდესაც მას საპრეზიდენტო ვადა გაუვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იუნი არ იქნება სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც პატიმრობა მოუწევს. პირიქით, ეს იქნება სამხრეთ კორეის პოლიტიკის ერთგვარი "ტრადიციის" გაგრძელება. 1987 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეაში სამხედრო ტირანია დასრულდა და ქვეყანა დემოკრატიულ მმართველობას დაუბრუნდა, სამ პრეზიდენტს მიესაჯა პატიმრობა, ხოლო რო მუ ჰიონმა გამოძიების დასრულებამდე თავი მოიკლა.
3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა.
"სამხედრო მდგომარეობის მიზანი პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა" – თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.
იოლის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი "მძევლად აიყვანეს" და მათ ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურთ.
ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის ბიუჯეტის წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი მკვეთრად შემცირება მოითხოვა. ასევე, პარტიამ სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.
კორეული მედიის ცნობით, სეულში, პარლამენტის შენობის შესასვლელი უკვე ჩაკეტეს. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ი ჯე მიონგმა მოსახლეობას უკვე მიმართა და მათ პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში წინა დღით გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა 4 დეკემბრის გამთენიისას გააუქმა.
4 დეკემბერს სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში ექვსივე ოპოზიციურმა პარტიამ ქვეყნის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის დაწყებაზე განცხადება წარადგინა.
გამოცემის Yonhap-ის ცნობით, კანონპროექტი ეროვნული ასამბლეის სესიაზე 5 დეკემბერს განიხილება, კენჭისყრა კი მომდევნო დღეებში, 6 ან 7 დეკემბერს შედეგება.