ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ჯაფარიძე: ოფისებიდან ამოღებული ნივთები კანონსაწინააღმდეგო არ არის, დადგმული სცენა იყო

ტაბულა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების ოფისებიდან ამოღებული ნივთები კანონსაწინააღმდეგო არ არის. ჯაფარიძე ამბობს, რომ შსს-ს გავრცელებული კადრები დადგმული სცენა იყო, რადგან "მოლოტოვები" ასე არ მზადდება. 

"მოხდა შეჭრა რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობების ოფისებში და პრაქტიკულად დარბევა ოფისების. ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, არცერთი ამ ნივთებიდან კანონსაწინააღმდეგო არ არის. ერთ-ერთის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კადრებს, რომ ამოიღეს "მოლოტოვის კოქტეილები“, კადრები რაც გაავრცელეს ნათლად ჩანს, რომ ეს დადგმული სცენა იყო.

ბოთლები, სადაც ჩვრები იყო ჩატენილი, "მოლოტოვები“ ასე არ მზადდება, ბოთლებში ჯერ ბენზინი ისხმება და შემდეგ იდება ჩვარი და არა პირიქით. სჭირდებათ, რომ მოსახლეობა დააშინონ, რომ ვიღაცები „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ სადღაც ოფისებში" - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ბრიფინგზე. 

შსს-ში აცხადებენ, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები პარტია დროას, გირჩის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთისა და ორგანიაზიცია ჯიუტის (GEUT) ოფისებში.

შსს-ს განცხადებით, ოფისებიდან სამართალდამცავებმა ამოიღეს ისეთი ნივთები, როგორებიცაა "ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები და სხვადასხვა სახის ხსნარები". 

კომენტარები