ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

შსს: საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ნაციონალური მოძრაობის, დროას, გირჩის, ჯიუტის ოფისებში

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები პარტია დროას, გირჩის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთისა და ორგანიაზიცია ჯიუტის (GEUT) ოფისებში. შსს-ს თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს. 

შსს-ს განცხადებით, ოფისებიდან სამართალდამცავებმა ამოიღეს ისეთი ნივთები, როგორებიცაა "ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები და სხვადასხვა სახის ხსნარები". 

"მოლოტოვები ჩაგვიდეს ოფისში!" - პარალელურად წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წევრი ბექა პაპაშვილი Facebook-ზე.

უწყების ცნობით, 225-ე და 239-ე მუხლებით 7 პირია დაკავებული. 

"2024 წლის 28 ნოემბრიდან პარლამენტის შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მანიფესტაციისა და გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რაც ამ დრომდე ატარებს ორგანიზებულ და ინტენსიურ ხასიათს. პირდაპირი ეთერებით საზოგადოება თვალს ადევნებს მოძალადე ჯგუფების აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გამოიხატება როგორც ადამიანების ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებში, ასევე ინფრასტრუქტურის დაზიანებებში.

ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის 150-ზე მეტმა თანამშრომელმა, არაერთმა მოქალაქემ და მედიის წარმომადგენელმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება. დაზიანებულია თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა. მომხდარ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავებმა 4 დეკემბრის დილიდან დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პოლიციამ ოპერატიული ღონისძიებებისა და მოქმედებების შედეგად ჯგუფური ძალადობის, ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე 7 პირი დააკავა. ჩადენილ დანაშაულები 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მოძრაობა ჯიუტების, პარტია დროას და პარტია გირჩის ოფისებში, ასევე პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდულ ოფისში. სამართალდამცავებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები". - აცხადებენ შსს-ში. 

შსს-ს ცნობით, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში, "დანაშაულებრივ ქმედებებზე" გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 393-ე პრიმა მუხლებით, რომელთა ფარგლებშიც უკვე 6 პირია დაკავებული. მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შსს-ში მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ასევე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე და 393-ე პრიმა მუხლებით, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი. ჩადენილი დანაშაულები 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. 

კომენტარები