სირიის სამოქალაქო ომი

სირიის დემოკრატიული ძალები როჟავის მოსახლეობას იარაღის აღებისკენ მოუწოდებს

სირიის დემოკრატიული ძალების წევრი

სირიის დემოკრატიული ძალები (SDF) თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების დაწინაურების ფონზე განცხადებას ავრცელებს.

SDF-ი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიურ ადმინისტრაციას, იგივე როჟავას აკონტროლებს. ეს არის სირიელი ქურთების დე ფაქტო ავტონომიური რეგიონი. მათი მთავარი მოწინააღმდეგე თურქეთი და თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებია. SDF-ის სამხედრო რაზმები სახალხო თავდაცვის დანაყოფები (YPG) და ქალთა დაცვის დანაყოფებია (YPJ).

SDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კვირაში "ფუნდამენტური ცვლილებები" დაიწყო. SDF-ის მტკიცებით, ოპერაცია თურქეთის დაგეგმილია და მათ სამიზნეში როჟავაა ამოღებული. მეტიც, ქურთულ ჯგუფში ირწმუნებიან, რომ დაგეგმილია მათი ხალხის "გენოციდი" შეჰბასა და ალეპოში.

"ამ ისტორიულ დღეებში ჩვენი ხალხისადმი ჩვენი თხოვნაა, რომ ჩვენი სოფლების, ქალაქებისა და მთელი რეგიონის დასაცავად დავდგეთ მხარდამხარ ფრონტის დასაცავად რევოლუციური სახალხო ომის ფარგლებში. უფრო ზუსტად, ჩვენ რეგიონის ახალგაზრდებს, ქურთებს, არაბებს, სირიელებს, ასირიელებსა და სომხებს, თურქმენებსა და ჩერქეზებს მოვუწოდებთ შეუერთდნენ ისტორიულ ვალდებულებას და დაიკავონ საკუთარი ადგილები წინააღმდეგობის სიმაგრეში, შეუერთდნენ SDF-ს. გახდნენ YPJ-YPG-ის წევრები." – ნათქვამია განცხადებაში.

SDF საკუთარ ბრძოლას უწოდებენ "ISIS-ისა და ერდოღანის აზროვნების სიბნელის" წინააღდეგ ბრძოლას.

სახალხო თავდაცვის დანაყოფები სირიის არმიის ქურთი დეზერტირებისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) გამოცდილი მებრძოლების მიერ შეიქმნა. PKK ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირებულია თურქეთთან. ანკარას როგორც PKK, ისე YPG ტერორისტულ დაჯგუფებად ჰყავს გამოცხადებული. YPG-ს მხარს უჭერენ ერაყელი ქურთებიც.

წარსულში სირიელი ქურთების მთავარი პარტნიორი აშშ იყო. SDF-ის ძალები დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს, ISIS-ს.

მიუხედავად იმისა, რომ SDF-ი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან დაპირისპირებულია, მათ შორის კონფლიქტის მასშტაბები დიდი არაა და ფაქტობრივად ურთიერთგაგება გააჩნიათ.

გასულ დღეებში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა აჯანყებულებმა წლების შემდეგ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უდიდესი იერიში წამოიწყეს და დაიკავეს ქალაქი ალეპო, რომელსაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი აკონტროლებდა. აიღეს ათეულობით სხვა დასახლებული პუნქტიც.

ახალი იერიშის მთავარი მამოძრავებელი ძალა სუნიტურ ისლამისტური ჰაიათ თაჰრირ ალ-შამია (HTS - ლევანტის გათავისუფლების ორგანიზაცია), რომელსაც გარკვეულწილად თურქეთის მხარდაჭერა გააჩნია. HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებს. 

ასადისა და რუსეთის ძალების საჰაერო იერიშების მიუხედავად, აჯანყებულები მოქმედებებს განაგრძობენ. ამბოხებულთა ოპერაციებში მონაწილეობენ როგორც ჯიჰადისტები, ისე სხვა, მეტ-ნაკლებად სეკულარული ჯგუფებიც.

კომენტარები