ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დღეს იწყება "სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ". NGO-ების ერთობლივი განცხადება მწერალმა, რატი ამაღლობელმა გორგასლის ქუჩაზე, ოცნების ოფისთან წაიკითხა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები.
"28 ნოემბრის, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ საბოლოოდ უარი ითქვა საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე.
ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელმაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება.
საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ.
მოვუწოდებთ ევროპის კავშირს არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ." - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა.
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა.
დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა.
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.