კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ახალი პრეზიდენტი ისევე არალეგიტიმურია, როგორც საქართველოს პარლამენტი".
"ჩვენ გვჭირდება ერთობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ გვჭირდება ერთობა ოპოზიციურ მხარეს და ასევე, ჩვენ გვჭირდება იმ მანდატების დაცვა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს მისცა ჩვენმა მოქალაქეებმა
როგორც ხედავთ, ქართული ოცნება აგრძელებს თავის სპეცოპერაციას - ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით და უამრავი გეგმა გვაქვს, როგორ გავაკეთოთ ეს
რაც შეეხება ახალ პრეზიდენტ, ის ისევე არალეგიტიმურია, როგორც საქართველოს პარლამენტი". - თქვა ხაზარაძემ.
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტი კოალიციასთან ერთად მსჯელობს "შემდეგი ნაბიჯების შესახებ", ხოლო სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია "გამაერთიანების" როლი ითამაშოს.
"ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხება ჩვენს ერთობას, მე ვგულისხმობ საზოგადოების გამთლიანებას - იმას, თუ როგორ მშვიდობიანად გავუწიოთ წინააღმდეგობა იმ უმსგავსობას, რომელსაც ქართული ოცნება სჩადის.
აი, ამაზე ვსაუბრობთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ წამოწყებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილის მონაწილეობა.
პირდაპირ გეტყვით, მე ვხედავ მის [სალომე ზურაბიშვილის] როლს, როგორც გამაერთიანებლის როლს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე - მას შეუძლია ითამაშოს გამაერთიანებლის როლი და პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯელობს ჩვენთან ერთად რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები.
ის ფიქრობს თავის გეგმებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან". - თქვა ჯაფარიძემ