ოცნების დეპუტატს, ირაკლი ზარქუას სურს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გაწვევის პროცედურა დაიწყოს. ოცნების დეპუტატმა განცხადება პეტერ ფიშერის კრიტიკის პასუხად გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა, უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია და ის დროებითია.
"მინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართო, იქნებ ამ ელჩის აქ მოღვაწეობით დაინტერესდეს და ვისურვებდი, ამ ელჩის გაწვევის პროცედურა დავიწყოთ, რადგან ის არ შეესაბამება იმ მანდატს, რა მანდატითაც აქ არის. არ მგონია, მან შეძლოს გერმანელი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში რამე პოზიტიურის შეტანა. პირიქით მგონია, რომ ის მავნებლობს. არ ვიცი, რა დაკვეთა აქვს", - თქვა ზარქუამ ჟურნალისტებთან.
ზარქუას თქმით, "გერმანიის ელჩს თავისი უფლება-მოვალეობები ცოტა არეული აქვს. მგონია, ფუნქცია-მოვალეობებში დაბნეული და დაკარგულია".
გერმანიის ელჩმა, bm.ge-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" საქართველოსა და EU-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.





