განათლების მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე წულაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებული ნაწარმოებების შესახებ ამბობს, რომ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა და ცრუ განგაშია. წულაძის თქმით, "სწავლის პროცესში არაფერი შეცვლილა".
"მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ, როგორც ლიტერატურის, ისე ისტორიის და სხვა საგნების მიმართულებით, რაზეც იყო ამ დღეებში საუბარი, არაფერი სწავლის პროცესში არ შეცვლილა.
სოციალურ ქსელში თუ მედიაში, სამწუხაროდ, მოვისმინე განცხადება, რომ ამოიღეს, აღარ ასწავლიან. ეს არის ან მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა, ან ცრუ განგაში, რომლის დანერგვაც საზოგადოებაში თავად მოტყუებულმა ადამიანებმა განაპირობეს. ეს არის ცრუ განგაში იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს, რომელთაც წელსაც მოუწევთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლა, უკვე ნასწავლი აქვთ ეს ყველაფერი, გავლილი აქვთ.
[...] ყველა საგანზე გვაქვს სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილი და განათლების სამინისტროში უკმაყოფილება იყო, რომ რაც სავალდებულოა, გამოცდებზე იმის მიღმა საკითხები რატომ ხვდებოდათ. [...] ახლა საუბარია 7-8 ნაწარმოებზე, ასეთი არასავალდებულო ლიტერატურა სინამდვილეში გაცილებით მეტი იყო.
მსოფლიოში ასეა, რომ ყველა ნაწარმოებს, რისი სურვილიც გვაქვს, რომ სკოლებში ისწავლებოდეს, სავალდებულოს ვერ გახდი. უბრალოდ, ეს მეთოდოლოგიური თვალსაზრისით არასწორია. ვერავინ, ვერსად ვერ წევს იმას, რისი სურვილიც სისტემას, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს ან მასწავლებლებს აქვთ. ამიტომაა, რომ სასწავლო პროცესში იყოფა სავალდებულო და არასავალდებულო ნაწილად. გამოცდებზე, ჩვენი გადაწყვეტილებით, მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც სავალდებულოდაა სასწავლი.
რაც შეეხება კონკრეტულად ნაწარმოებებს, რომელიც სახელდება მედიაში - რამდენიმე თვის წინ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები შევცვალეთ პირველად ბოლო 20 წლის მანძილზე და მასში გავაძლიერეთ ეროვნული, პატრიოტული ღირებულებები და ფასეულობები. ამიტომ 2025 წელს დავამტკიცებთ ახალ საგნობრივ სტანდარტებს. ჩემი და ჩვენი გუნდის ინიციატივაა, რომ ახალ საგნობრივ სტანდარტებში, რომელიც ეროვნული მიზნებიდან ამოვა, ის ნაწარმოებები დაემატოს სავალდებულო სასწავლ ნაწილს" - თქვა წულაძემ.
ისტორიის საგამოცდო პროგრამიდან საკითხების ამოღების შესახებ ინფორმაციას განათლების მინისტრობის კანდიდატი ტყუილის ტირაჟირებად აფასებს.
"პირიქით, აჯანყებების პარალელურად დაემატა მთლიანი თავი, რომელსაც ჰქვია საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ და ამ თავში შევიდა, როგორც ჯანყი, ასევე 1832 წლის შეთქმულებაც ცალკე გამოვიდა და ამ მიმართულებით არასდროს არ ყოფილა.
რაღაც მიმართულება რეალურად გაძლიერდა და ვიღაც, როგორც ექსპერტი განცხადებას ავრცელებს და ვერ ხვდება, რომ გაძლიერებულია და ისტორიის სახელმძღვანელოებში ეს მიმართულებები უფრო ფართოდაა შეტანილი, ვიდრე აქამდე იყო. ჩემი გაოცებაც ამან გამოიწვია. ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი. ეს სინამდვილეში ცრუ განგაშია და ისტორიის შემთხვევაში საპირისპიროა მომხდარი.
არ მინდა აუდიტორიას დავპირდე, რომ აუცილებლად შევიტანთ, იქიდან გამომდინარე, რომ რა იყოს სასწავლო ან საგამოცდო პროგრამაში, ექსპერტთა ჯგუფი წყვეტს. ექსპერტთა ჯგუფის მიერ რაიმეს შეთანხმების შემდეგ ამ საკითხების ფართო განხილვა და დისკუსია ხდება. [...] დიდი სურვილი მაქვს და იმედია, შევძლებთ, მაგრამ ამ საკითხის დამოუკიდებელი ექსპერტები წყვეტენ" - ამბობს ალექსანდრე წულაძე.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა. 2024 წლის საგამოცდო პროგრამასთან შედარებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან მრავალი ნაწარმოები ამოიღეს, მათ შორის, სრულად ამოიღებულია რამდენიმე მწერლის შემოქმედება - ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, პოლიკარპე კაკაბაძის, პაოლო იაშვილის.
ისტორიის პროგრამის სიაში, 2024 წლის სიისგან განსხვავებით, აღარ შედის აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
2024 წელს საგამოცდო ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაში ერთ-ერთი თემის სახელი იყო - საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, სადაც შედიოდა რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა და აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
2025 წლის განახლებულ საგამოცდო პროგრამაში, მითითებულია საქართველო XIX საუკუნეში (საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ, 1832 წლის შეთქმულება. თერგდალეულები), ხოლო 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები სიაში არ წერია