გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების 2025 წლის პროგრამები გამოაქვეყნა. ისტორიის პროგრამის სიაში, 2024 წლის სიისგან განსხვავებით, აღარ შედის აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
2024 წელს საგამოცდო ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამაში ერთ-ერთი თემის სახელი იყო - საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, სადაც შედიოდა რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა და აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
2025 წლის განახლებულ საგამოცდო პროგრამაში, მითითებულია საქართველო XIX საუკუნეში (საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ, 1832 წლის შეთქმულება. თერგდალეულები), ხოლო 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები სიაში არ წერია.
ტაბულა განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
ცვლილებები შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამასაც.
2024 წლის საგამოცდო პროგრამასთან შედარებით, ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან მრავალი ნაწარმოები ამოიღეს, მათ შორის, სრულად ამოღებულია რამდენიმე მწერლის - ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, პოლიკარპე კაკაბაძის, პაოლო იაშვილის - ნაშრომები.