რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 23 და 25 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსულ ობიექტებზე შორი რადიუსის ATACMS-ის ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანა.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია РИА Новости-მ გაავრცელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით РИА Новости წერს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინამ კურსკის ოლქში შორი რადიუსის შეიარაღებით სამიზნეებს ორჯერ დაარტყა.
რუსული მხარის მტკიცებით, სოფელ ლოტარევკაში, S-400-ის ტიპის ანტისარაკეტო საჰაერო თავდაცვითი სისტემის მიმდებარედ, 5 ATACMS-ის რაკეტა მოხვდა, საიდანაც ორი სამიზნეს დაეცა, ხოლო სამი, რუსეთის მტკიცებით, გაანეიტრალეს.
ამას გარდა, რუსეთის სამინისტროს თქმით, 25 ნოემბერს უკრაინულმა ძალებმა ATACMS-ებით მორიგი იერიში მიიტანა, რომლის ფარგლებშიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 7 რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო ერთი - მიზანს მოხვდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ როდესაც უკვე მომხდარი თავდასხმის მიმდებარე ტერიტორია გამოიკვლიეს, უკრაინულმა მხარემ ATACMS-ებით მორიგი იერიში მიიტანა.
განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე დაიმუქრა, რომ რუსეთი "კურსკის ოლქში ATACMS-ებით იერიშებზე საპასუხო ქმედებებისთვის ემზადება".
17 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.
მედიაში გავრცელებული ცნობები მალევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.
ამავე დღეს უკრაინამ ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტი დაბომბა. ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა გაშვებული 8 რაკეტიდან მხოლოდ 2-ის ჩამოგდება შეძლო, ხოლო დარტყმა საბრძოლო მასალების მომმარაგებელ საკვანძო პუნქტზე იყო მიტანილი.
21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო იერიშის დროს, სხვადასხვა ტიპის რაკეტებთან ერთად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკურ რაკეტა პირველად გამოიყენა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა იერიშის დროს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-26 Рубеж, შვიდი Х-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და Х-47М2 Кинжал-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. მათივე ცნობით, საჰაერო იერიში ასტრახანის ოლქიდან განხორციელდა.
რაკეტების სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალებმა, ექვსი ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.
20 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე პირველად მიიტანა იერიში ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებით.
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა





