მოლოდინი იმასთან მიმართებაში, რომ არ გაიმართებოდა გუშინდელი სხდომა, რომელსაც ვერ დაარქმევ სხდომას და ეს იყო ქართული ოცნების პარტიული თავყრილობა, რომ ის არ გაიმართებოდა, ჩემი აზრით მაგის მოლოდინი არ იყო სწორი.
ჩვენ არ ვართ არც ერთდღიან, ან ორდღიან წინააღმდეგობის მოძრაობაში. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი. გუშინდელი, შედარებით მცირერიცხოვანი პროტესტიც მნიშვნელოვანი იყო. პროტესტის გაგრძელებაა მიზანი, შეურიგებლობის ჩვენება, წინააღმდეგობის დემონსტრირება - ეს არის აუცილებელი, მუდმივად ამის დემონსტრირება. შეიძლება რაღაც მომენტში ეს იყოს მცირერიცხოვანი, რაღაც მომენტში გაცილებით მრავალრიცხოვანიც შეიძლება იყოს, მაგრამ მთავარია უწყვეტობა, მთავარი არის, რომ არ უნდა იყოს ამ დღეს ჩვეულებრივი პროცესი ქართული ოცნებისთვის, როდესაც ისინი აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის უფსკრულისკენ წაყვანას, უფრო სწორად გადაჩეხას. ამიტომ, ვფიქრობ რომ თუნდაც ის მცირერიცხოვანი პროტესტი მნიშვნელოვანი იყო გუშინ. მინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, ვინც იმ პროტესტში მონაწილეობდა, რომ ეს არ იყო ფუჭი პროტესტი, ეს არის აუცილებელი და შემადგენელი ნაწილი იმ განუწყვეტელი წინააღმდეგობის, რომელიც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ უზურპატორი ხელისუფლების მიმართ, მანამ სანამ ქართველი ხალხი არ დაიბრუნებს ფუნდამენტურ უფლებას - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უფლებას.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის, რაც გუშინ მოხდა, არ არის განსაკუთრებულად გამოსაყოფი იმ თვალსაზრისით, რომ რამე არ შეცვლილა სამართლებრივად. პრეზიდენტმაც თქვა გუშინ თავის გამოსვლაში, სამართლებრივად არაფერი შეცვლილა, ეს არ იყო ლეგიტიმური თავყრილობა, ეს იყო თვითმარქვია თავყრილობა, როდესაც ერთმა პარტიამ დაირქვა პარლამენტი და ჩაატარა შეკრება და ერთმანეთს ტაშს უკრავდნენ. ამიტომ, არანაირი სამართლებრივი დამამძიმებელი შედეგები ამას ჩვენი ქვეყნისთვის არ [ჰქონია], იმ თვალსაზრისით, რომ ლეგიტიმაცია გუშინდელი სხდომით ვერ მოხდებოდა და არც მომხდარა.





