ევგენი პრიგოჟინი

ევგენი პრიგოჟინი The Jerusalem Post-ის გავლენიან ებრაელთა სიაში მოხვდა

ევგენი პრიგოჟინი
Marina Moldavskaja/Kommersant/Sipa

ისრაელის მედია The Jerusalem Post-ი ყოველ წელს უშვებს 50 გავლენიანი ებრაელის სიას, რომელშიც წელს კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინიც მოხვდა.

სიას თავისებური აგებულება აქვს და მასში პირდაპირი მნიშვნელობით 50 ადამიანი არ შედის, არამედ ნაგულისხმებია გარკვეული ჯგუფები და პარტნიორი პოლიტიკოსებიც. მაგალითად, სიაში მე-4 ადგილს იკავებენ ისრაელში სასამართლო რეფორმის საწინააღმდეგო პროტესტების ლიდერები, მე-5 ადგილი ერთად უჭირავთ იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინსა და ქნესეთის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარე, სიმხა როთმანს და ა.შ.

რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, ის სიის პოსტკრიპტუმში, 52-ე ადგილზეა მოხსენიებული. მასთან დაკავშირებით გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი მამა და მამინაცვალიც ებრაელები იყვნენ. 

"ქურდობის გამო ციხეში თითქმის ათწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინი, ებრაელი მამინაცვლის დახმარებით, ჰოთ-დოგის დახლიდან მაღალი კლასის რესტორნების იმპერიამდე დაწინაურდა და "პუტინის მზარეული" შეარქვეს". – ხაზს უსვამს ისრაელის მედია. 

The Jerusalem Post-ი წერს, რომ რუსი ოლიგარქის მამა ასევე ებრაელი იყო და ის მოკვდა მაშინ, როცა პრიგოჟინი 9 წლის იყო. შესაბამისად, პრიგოჟინს შეეძლო ალიას შესრულება, ანუ ისრაელში დაბრუნება და ცხოვრების უფლების მიღება.

50-ეულის პირველ ადგილზე ამერიკელი ბიზნესმენი, სემ ალტმანი, რომელიც ახლა კომპანია OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორია და ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. მეორე ადგილზე მედიამ დაასახელა ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. მესამე ადგილს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სიის მეორე ადგილზე The Jerusalem Post-ი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ასახელებდა, წელს კი ის ამ ჩამონათვალში არ შეიტანეს.

კომენტარები