ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, იგი "დიქტატორი არ არის და არც სჭირდება, რომ იყოს". ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"არ დაუჯეროთ სხვებს, ამ ქვეყანაში დიქტატურა არ არის და ვერც იქნება. ვერ იქნება, იცით რატომ? იმიტომ, რომ დიქტატორობისთვის საჭიროა, გქონდეს დიქტატორის ბერკეტები. რა ბერკეტები მაქვს მე?
ამერიკელებმა მოიგონეს - დიქტატორია, დიქტატორიო. როგორ შეიძლება, ამერიკასთან ერთად დიქტატორი ვიყო. დღეს ბაიდენებსაც და ტრამპებსაც კი არ შეუძლიათ დიქტატორობა, გლობალური მშპ-ს 30%-ს რომ აწარმოებენ და მე როგორღა უნდა ვიყო დიქტატორი.
გვაქვს ჩვენ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა? შემიძლია რუსეთში ან ჩინეთში ჩავიდე და ფეხი დავაბაკუნო და ვუთხრა - ეს გააკეთეთ მეთქი? არა, ეს სისულელეა.
სტალინს შეეძლო დიქტატორობა, ან ჰიტლერს - მთელი ევროპა ფეხქვეშ ჰყავდა, მისი ყველას ეშინოდა. და მე რა მაქვს?
აქ არ არის დიქტატურა და მე ის არც მჭირდება".
ცნობისთვის, ლუკაშენკომ 2012 წელს Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ თავს "ევროპის ბოლო დიქტატორი" უწოდა.
ამასთან, 2022 წელს ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ ესმოდა მას დემოკრატია ბელარუსში, ლუკაშენკომ ირონიულად უპასუხა, რომ "როგორც დიქტატორს, მას დემოკრატიის გააზრება უჭირს".
ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან, 30 წელია, იკავებს.





