ისრაელური მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია სადამსჯელო ქმედებების გეგმებს ამზადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილების გამო, რომლის ფარგლებშიც ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანთის, დაკავების ორდერი გამოიცა.
გამოცემა Kan-ის ინფორმაციით, ტრამპის გუნდში ინდივიდუალურ სანქციებს განიხილავენ სასამართლოს მთავარი პროკურორის კარიმ ხანისა და იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც დაკავების ორდერი გამოსცეს.
მედიაში გავრცელებული ცნობების პარალელურად, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ დრო მოვიდა, აშშ-ს სენატმა ICC-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ჰააგის სასამართლოს დასანქცირების შესახებ კანონპროექტი ივნისში მიიღო, თუმცა დემოკრატიული პარტიის კონტროლქვეშ მყოფ სენატში იგივე კანონპროექტის მიღება ჯერჯერობით ვერ შეძლეს.
გუშინ, 21 ნოემბერს, ICC-ის გადაწყვეტილებას აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, გამოეხმაურა. მისი თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) არ არის სანდო და მისი ბრალდებების უსაფუძვლობა აშშ-მ უკვე დაამტკიცა:
"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) არ არის სანდო და მისი ბრალდებების უსაფუძვლობა აშშ-მ დაამტკიცა. ისრაელი კანონიერად იცავს თავის მოსახლეობას და საზღვრებს გენოციდის ჩამდენი ტერორისტებისგან. იანვარში უნდა მოელოდეთ მკაცრ პასუხს ICC-ის და UN-ის ანტისემიტური მიკერძოებულობის მიმართ" - განაცხადა უოლცმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით, ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანთის დაკავების ორდერი გასცა.
"სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ორივე პირმა განზრახ და შეგნებულად წაართვა ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან პირებს მათი გადარჩენისთვის აუცილებელი წყაროები, მათ შორის, საკვები, წყალი, მედიკამენტები და სამედიცინო მარაგები. ასევე, საწვავი და ელექტროენერგია". - წერს კოლეგია ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ასევე, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ბრალდებით სასამართლომ ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გამოსცა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დეიფი ივლისში საჰაერო დარტყმების შედეგად მოკლეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ბაიდენის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის თქმით, აშშ ICC-ის მხრიდან დაკავების ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას "ფუნდამენტურად უარყოფს".
"აშშ ფუნდამენტურად უარყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ პროკურატურის მიერ დაკავების ორდერის მოთხოვნით და პროცესის შემაშფოთებელი შეცდომებით, რამაც გამოიწვია ეს გადაწყვეტილება" - თქვა სპიკერმა. მისივე თქმით, აშშ მომდევნო ნაბიჯების თავის პარტნიორებთან ერთად განიხილავს.