დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა აშშ-ს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე პემ ბონდი წარადგინა

პემ ბონდი
Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყნის იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ფლორიდის ყოფილ გენერალურ პროკურორს პემ ბონდის დანიშნავს.

მანამდე, ყოფილმა კონგრესმენმა მეტ გეიცმა X-ზე დაწერა, რომ ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე უარს ამბობდა. მისი თქმით, კანდიდატურა "უსამართლოდ იქცა ხელისშემშლელ ფაქტორად".

"იმის მიუხედავად, რომ ინერცია ძლიერი იყო, აშკარაა, რომ ჩემი დამტკიცება უსამართლოდ იქცა ტრამპისა და ვენსის ძალაუფლების გადაცემის პროცესის მნიშვნელოვანი მუშაობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად". - დაწერა გეიცმა X-ზე.

ფლორიდის გენერალური პროკურორის თანამდებობა ბონდის 2011-2019 წლებში ეკავა, ხოლო ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს იგი ოპიოიდებისა და ნარკოტიკების მოხმარების კომისიაშიც მსახურობდა.

ბონდი ასევე  ტრამპის დაცვის გუნდის წევრი იყო იმპიჩმენტის სასამართლო პროცესზე, რომლის ფარგლებშიც მას, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კორუფციის საქმის აღძვრის საბაბით, უკრაინაზე ზეწოლაში სდებდნენ ბრალს, რაშიც აშშ-ს სენატმა ტრამპი გაამართლა. ბოლო პერიოდში ბონდი ტრამპის მხარდამჭერი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში America First Policy Institute იურიდიული კუთხით მუშაობდა.

"მან ცხოვრება საქმეების წარმოებაში გაატარა. მას, წინა კანდიდატისგან განსხვავებით, რეზიუმე აქვს". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე 14 ნოემბერს განაცხადა, რომ კონგრესმენ მეტ გეიცს იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნავდა.

ტრამპის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გეიცმა წარმომადგენელთა პალატაში თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რომელიც პალატის სპიკერის მაკი ჯონსონის თქმით, "მოქმედებაში დაუყოვნებლივ შედის".

"ეს ჩვენთვის ოდნავ მოულოდნელი იყო". - განაცხადა ჯონსონმა გეიცის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მეტ გეიცმა თანამდებობა დატოვა, რათა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების მცირე უმრავლესობის ფონზე, მისი შემცვლელის დასახელების პროცესი სწრაფად წარიმართოს.

სანამ გეიცი კონგრესმენის პოსტს დატოვებდა, წარმომადგენელთა პალატის ეთიკის კომიტეტი იძიებდა ბრალდებებს, რომ გეიცი, სავარაუდოდ, იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელსაც 17 წლის გოგოს სექს-ტრეფიკინგი მოჰყვა, თუმცა მისმა გადადგომამ გამოძიების დასრულება გამოიწვია

კომენტარები