ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აფხაზეთისადმი სოლიდარობის გამომხატველ განცხადებას გამოეხმაურა.
ამასთან დაკავშირებით ასლან ბჟანიამ რუსული პროპაგანდისტული არხის, РИА Новости-ს ინტერვიუში ისაუბრა.
"მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილი სიმპათიებს განიცდის აფხაზეთის ხელისუფლებისა ან ოპოზიციის მიმართ. ჩემი აზრით, ის ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობს: "რაც უარესი, მით უკეთესი". ამიტომაც ულოცავს. მის ინტერესებში არ შედის ის, რომ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო შედგეს, ეს ნათელია და გასაგები. მე მისი მილოცვა სწორედაც რომ ასე მესმის". - თქვა ბჟანიამ სალომე ზურაბიშვილის
15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სოლიდარობა გამოუცხადა პროტესტის მონაწილეებს.
"მინდა დავგმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როდესაც ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციას, რაც არის წარმოუდგენელი და რაც პრინციპში უგულებელყოფს საქართველოს მთავრობის მთელ ლოგიკას, რომ ვითომც და დათმობებით შეიძლება შეაცვლევინო რუსეთს პოლიტიკა. შეაცვლევინო კი არა, ააჩქარებ ამით და ეს ჩანს ყოველდღიურად. ოკუპირებულ აფხაზეთში მცდელობაა, გატარდეს რუსული კანონი და რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა და მინდა მათ სოლიდარობა გამოვუხატო" – თქვა ზურაბიშვილმა.
15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.