დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა NATO-ში აშშ-ს ელჩად იუსტიციის ყოფილი მინისტრი მეთ უიტაკერი დაასახელა

მეთ უიტაკერი
Photo: Charlie Neibergall/Associated Press

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე აშშ-ს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, მეთ უიტაკერი დაასახელა

ტრამპი ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ უიტაკერი "ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, რომელიც "აშშ-ს ინტერესების წინსვლასა და დაცვას უზრუნველყოფს, გააძლიერებს ურთიერთობებს NATO-ს მოკავშირეებთან და მტკიცედ დადგება მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ შექმნილი საფრთხეების წინაშე". 

როგორც გამოცემა Associated Press წერს, უიტაკერის დასახელება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ქვეყნის წარმომადგენლად "უჩვეულოა", ვინაიდან მას საგარეო პოლიტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. 

მეთ უიტაკერი ტრამპის ყოფილ ადმინისტრაციაში აშშ-ს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას 2018-2019 წლებში იკავებდა. 

მანამდე უიტაკერი ტრამპის პირველი იუსტიციის მინისტრის, ჯეფ სეშენსის შტაბის უფროსი იყო, სანამ სეშენსს ამ პოზიციაზე არ ჩაანაცვლებდა. 

უიტაკერი მკაცრად აკრიტიკებდა ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას. იგი რეგულარულად საუბრობდა კონსერვატიულ ტელევიზია Fox News-თან და სხვა რესპუბლიკელებთან ერთად ხშირად ამტკიცებდა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იუსტიციის დეპარტამენტი პოლიტიზებული გახდა. 

დონალდ ტრამპს ხშირად უთქვამს, რომ იგი არ დაიცავს NATO-ს წევრ იმ ქვეყნებს, რომლებიც ალიანსის თავდაცვის ხარჯების მიზნებს ვერ ასრულებენ. 

მიმდინარე წლის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მან NATO-ს წევრები გააფრთხილა, რომ "იგი წაახალისებდა" კიდეც რუსეთს, რომ ასეთი ქვეყნებისთვის "ის გაეკეთებინა, მას რაც სურდა". 

რა ვიცით ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობის შესახებ

კომენტარები