მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით დანიის საზღვაო ძალები ჩინურ სატვირთო გემ Yi Peng 3-ს დაედევნნენ, გააჩერეს და მასზე ავიდნენ.
ამასთანავე, გამოცემა Financial Times-ის ცნობით, შვედეთი იძიებს ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში Yi Peng 3-ის შესაძლო ბრალეულობას, რომელიც კაბელების დაზიანების დროს, მიმდებარე წყლებში იმყოფებოდა.
Yi Peng 3 ჩინეთში დარეგისტრირებული ხომალდია, რომელიც რუსული პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ორივე დაზიანებულ წყალქვეშა კაბელთან ახლოს გაცურა. დაზვერვის ღია წყაროების ექსპერტების ცნობით, მომხდარის შემდეგ სატვირთო გემს დანიის საზღვაო ძალები აედევნა.
Yi Peng 3-ს გადაზიდვების კომპანია Ningbo Yipeng Shipping ფლობს, რომელიც ჩინურ საპორტო ქალაქ ნინგპოშია დაფუძნებული. კომპანიის წარმომადგენელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ "მთავრობამ კომპანიას გამოძიებაში თანამშრომლობა მოსთხოვა", თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.
18 ნოემბერს ბალტიის ზღვაში ერთმანეთის მიყოლებით ორი წყალქვეშა კაბელი დაზიანდა. ერთი ფინეთიდან გერმანიამდე იყო გაყვანილი, მეორე კი - ლიტვიდან შვედეთამდე.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია კაბელების დაზიანება. ლიტვის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ რეგიონული NATO-ს წევრი სახელმწიფოები ერთობლივად აფასებენ მომხდარს.
-
ფინეთიდან გერმანიამდე გაყვანილი კავშირგაბმულობის კაბელი დაზიანდა
-
ბალტიის ზღვაში კიდევ ერთი, ლიტვასა და შვედეთს შორის გაყვანილი კაბელი დაზიანდა
მეორე დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ წინა დღით ბალტიის ზღვაში გაყვანილი სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელების დაზიანებაზე უნდა ვივარაუდოთ, რომ საბოტაჟი იყო. მანამდე, ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა მომხდარზე პასუხად საკუთარ წყლებში დაზვერვა გააძლიერა.
"არავის სჯერა, რომ ეს კაბელები შემთხვევით გადაიჭრა. მე ასევე არ მინდა დავიჯერო იმ ვერსიების, რომ გემების ღუზები იყო, რამაც დაზიანება შემთხვევით გამოიწვია". - განაცხადა პისტორიუსმა ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე.