საპროტესტო აქციები

დავისვენოთ, გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს - მელიქიშვილზე აქცია დასრულდა

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "უნდა გადავიგეგმოთ და რაღაც განსხვავებულია მოსაფიქრებელი". მან მომიტინგეებს მოუწოდა, "დავიშალოთ, წავიდეთ, დავისვენოთ და დღის განმავლობაში შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს".

"იმათმა შეცვალეს სტრატეგია, მელიქიშვილს გვაკეტინებენ და იძახიან, რომ ეს პრობლემა არ არის. ამიტომ, მეორე დღეს კიდევ აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარსს არის მოკლებული.

გადავწყვიტეთ, ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, დავისვენოთ, დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს, რასაც გავაკეთებთ, სავარაუდოდ, ალბათ, უფრო ხვალისთვის. მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც ისევ სიურპრიზი იქნება და რაც იმათ წყობიდან გამოოიყვანს, ამის გაგრძელებას აქ ახლა  შინაარსი არ აქვს, ამიტომ, წავედით, დავისვენეთ, ძალები მოვიკრიბეთ და გავაგრძელოთ ისევ ყველამ ერთად" - მიმართა ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს.

დემონსტრანტები თსუ-ს პირველ კორპუსთან 17 ნოემბერს შეიკრიბნენ, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათი უნივერსიტეტთან დარჩებოდნენ და "წინააღმდეგობის მოძრაობა" დააანონსეს.

18 ნოემბერს, პროტესტში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, თსუ-ს პირველ კორპუსთან აქციის 24 საათით გაგრძელების შესახებ გამოაცხადეს. ნიკა მელიას თქმით, ამოცანა თბილისის პროტესტით მოცვა და ჭავჭავაძის გამზირის მსგავსი ბევრი კერის შექმნაა.

19 ნოემბერს გამთენიისას შსს-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.

დაახლოებით, 20:00 საათისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მელიქიშვილის გამზირზე განაცხადეს, რომ აქცია კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაბრუნდებოდა.

"დღეს, აქ, ჩვენ ვაპირებთ დავრჩეთ მთელი ღამე და ეს კერა შევინარჩუნოთ. მოდით, აბა, გაბედეთ და ისევ დაგვარბიეთ, თუ მაგრები ხართ. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ." - თქვა გიორგი ვაშაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადანაცვლების შემდეგ.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, 20 ნოემბრის 02:00 საათისთვის, აქციის მონაწილე სტუდენტთა ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შევიდა. მათი მოთხოვნა, რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომა იყო.

20 ნოემბრის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილებს ჭავჭავაძის გამზირის გათავისუფლებისთვის 15 წუთი მისცა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველებთან "ხელჩართულ ჩხუბში" ჩაბმას არ აპირებდნენ და ამიტომ მელიქიშვილის გამზირზე გადაიწეოდნენ.

15-წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებთან ერთად მელიქიშვილის გამზირზე გადავიდა სამართალდამცველთა ნაწილიც, სადაც მათ კორდონი გააკეთეს.

კომენტარები