გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ წინა დღით ბალტიის ზღვაში გაყვანილი სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელების დაზიანებაზე უნდა ვივარაუდოთ, რომ საბოტაჟი იყო. მანამდე, ლიტვის შეიარაღებულმა ძალებმა მომხდარზე პასუხად საკუთარ წყლებში დაზვერვა გააძლიერა.
"არავის სჯერა, რომ ეს კაბელები შემთხვევით გადაიჭრა. მე ასევე არ მინდა დავიჯერო იმ ვერსიების, რომ გემების ღუზები იყო, რამაც დაზიანება შემთხვევით გამოიწვია". - განაცხადა პისტორიუსმა ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე.
18 ნოემბერს ბალტიის ზღვაში ერთმანეთის მიყოლებით ორი წყალქვეშა კაბელი დაზიანდა. ერთი ფინეთიდან გერმანიამდე იყო გაყვანილი, მეორე კი - ლიტვიდან შვედეთამდე.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია კაბელების დაზიანება. ლიტვის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ რეგიონული NATO-ს წევრი სახელმწიფოები ერთობლივად აფასებენ მომხდარს.