არჩევნები 2024

კალაძე ბორელის განცხადებაზე: საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად ვართ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქართული ოცნება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზად არის. ამის შესახებ მან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. 

ბორელის თქმით, საარჩევნო ხარვეზებზე სამსჯელოდ ევროკავშირი საქართველოში მისიას გამოგზავნის. 

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მზადყოფნა. არანაირი პრობლემა არ არსებობს. არჩევნების მეორე დღესვე, პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და პირდაპირ თქვა, თუკი რაიმე კითხვები არსებობს, აგერ არის საარჩევნო ურნები და დათვალეთო. 2020 წელს იგივე დამოკიდებულება არ გვქონდა, როდესაც გაგვიყალბეს პარალელური დათვლები? იგივე ხდება ახლაც. რატომ არ გამოვიდნენ და არ აჩვენეს ხალხს ის პარალელური დათვლები, რომელიც გაკეთებული ჰქონდათ? იმიტომ, რომ ჰქონდათ მცდელობა, როგორმე დაძაბულობა შემოეტანათ. მაგრამ ჩვენ ეს "კინო" უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით როგორ მოქმედებენ რადიკალები". - თქვა კალაძემ.

კალაძემ ასევე თქვა, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა, არჩევნების გაყალბებულად ჩათვლისთვის საფუძვლები "ბუნებაში არ არსებობს" და 2012 წლიდან "ასეთი მშვიდი გარემო არ ახსოვს". 

"რეალურად არჩევნებზე არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნაც ვიხილეთ, საბოლოო დასკვნაც. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი დღე აკვირდებოდნენ არჩევნებს, მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეფასებები გააკეთეს. იყო რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მარნეულსა და თბილისში მოხდა. "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერები პირდაპირ უსწორდებოდნენ რიგით მოქალაქეებს. ამ პატარა ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი არჩევანი გაეკეთებინა. 2012 წლიდან ვარ არჩევნებში და ასეთი მშვიდი გარემო მე არ მახსოვს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეს არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოს, რადგან მსგავსი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს. ხოლო ის პოლიტიკური შეფასებები და მოწოდებები, რასაც გარედან ვისმენთ, არის იმ ნარატივის გაგრძელება, რასაც არჩევნებამდე ვისმენდით". - თქვა კალაძემ. 

კალაძის მტკიცებით, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვებით "საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყება". 

"თუმცა, მერწმუნეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტის არჩევით, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება და საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყება". - თქვა კალაძემ. 

მანამდე, ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოძიებული უნდა იქნეს, რისთვისაც ევროკავშირი საქართველოში მისიას გამოგზავნის და დარღვევების შესახებ იმსჯელებს. ბორელმა ხელისუფლებას გადამწყვეტი, მყარი ცვლილებებისაკენ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. 

"ქართული ოცნების ლიდერებმა დააშორეს ქვეყანა ევროკავშირის გზას, დაუპირისპირდნენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და ქვეყანა აღარ დგას ევროკავშირის გზაზე და ჩვენ გვსურს, რომ საქართველო დაბრუნდეს ამ გზაზე. 

ჩვენ გავგზავნით საქართველოში მისიას, ვიმსჯელებთ დარღვევებზე, და არჩევნები გამოძიებული უნდა იქნეს. მთავრობამ უნდა გადამწყვეტი ცვლილებები განახორციელოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. საქართველო ვერ წაიწევს წინ ევროკავშირთან ურთიერთობაში მყარი ცვლილებების გარეშე. 

ჩვენ მოვიწვევთ ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რომ წარუდგინოს წევრ სახელმწიფოებს თავისი შეფასებები საარჩევნო დარღვევების შესახებ, რათა წევრმა სახელმწიფოებმა მოისმინონ რას ვგულისხმობთ, როდესაც საარჩევნო დარღვევებზე ვსაუბრობთ". - თქვა ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები