ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ბჟანიას რეჟიმსა და მის ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართა

ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. პარლამენტის შენობასთან 
РИА Новости / Илья Питалев

18 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში მარიონეტი ლიდერის, ასლან ბჟანიას რეჟიმის წარმომადგენლებსა და მის ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო. საუბარი კრიზისიდან გამოსვლის გზას ეხებოდა.

მოლაპარაკებებში ბჟანიას რეჟიმს წარმოადგენდა ე.წ. ვიცეპრეზიდენტი ბარა გუნბა და ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ხეცია. რეჟიმის მოწინააღმდეგეების დელეგაციას წარმოადგენდა ადგურ არძინბა, კან კვარჩია და ლევან მიქაა.

ამავე დღის საღამოს ორივე მხარის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები დროებით დასრულდა. განცხადების მიხედვით, მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება. 

აქამდე, მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან მიქაამ თქვა, რომ ეთანხმებიან ასლან ბჟანიას შეთავაზებას, ე.წ. არჩევნებამდე ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. ვიცეპრეზიდენტი ბადრი გუმბა დაინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება. პარალელურად დემონსტრანტები ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების მეთაურების გადადგომას ითხოვდნენ.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, თუმცა შეიძლება ის უფრო მალე დაინიშნოს, თუ მარიონეტი ლიდერი მოწინააღმდეგეების მოთხოვნას დათანხმდება. 

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონი და მისი შინაარსი გახდა. ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მათთვის პრობლემას თავად ე.წ. პრეზიდენტი წარმოადგენს. დემონსტრანტებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლეს. ბჟანიას რეჟიმსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

კომენტარები