კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს შეხვდნენ. ხაზარაძის თქმით, მათ სალომე ზურაბიშვილს "სახალხო პარლამენტის" იდეა გააცნეს.
"სახალხო პარლამენტის იდეა პირობითი დასახელებაა - ჩვენ ეს იდეა პრეზიდენტს გავაცანით. შეხვედრიდან ძალიან კმაყოფილი გამოვედი, საინტერესო შეხვედრა გვქონდა". - თქვა ხაზარაძემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი ბადრი ჯაფარიძემაც გააკეთა.
"სახალხო პარლამენტს რაც შეეხება - ეს არის შეთავაზება ჩვენი კოალიციური პარტნიორებისთვის. სხვა კოალიციების მიმართაც. ამ იდეის შესახებ მათაც იციან, რომ ამოცანა ერთიანობის ფორმატის შექმნაა. სახელწოდება პირობითია". - თქვა ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე ახალი არჩევნების მისაღწევად საჭირო 5-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა, სადაც "სახალხო პარლამენტის" ფორმირებით "რეალური პოლიტიკური ცენტრის შექმნა" მოიაზრება.