თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნაწილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ისინი მხარს უჭერენ სტუდენტთა პროტესტს და უერთდებიან მას.
"ჩვენ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტთა დიდი ნაწილი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ და გვერდში ვუდგავართ ყველა იმ სტუდენტს, ვინც ამ წამს იბრძვის ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის.
არ ვეგუებით და ვემიჯნებით ყველაფერს რაც ჩვენ გვაახლოებს რუსეთთან და გვაშორებს ევროკავშირს.
ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნებით, ვემსახურებით მას და ვთვლით, რომ ხელოვან ადამიანებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს თავისუფლების იდეასთან.ხელოვნება კი არის ცოცხალი და დამოუკიდებელი.
ჩვენ ყოველდღე ისეთ ფურცლებზე ვხატავთ, უკან რომ არ ჟონავს.
პირობას ვდებთ, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და არავის დავუთმობთ მთავარს, გამოხატვის თავისუფლებას!" - წერია განცხადებაში.
აქამდე, სტუდენტთა პროტესტის მხარდამჭერი განცხადება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტთა ნაწილმაც გაავრცელა.
გუშინ, 15 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტებმა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საპროტესტო აქცია გამართეს, პოლიციამ კი სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.
თსუ-ს ლექტორი, გიორგი ბადრიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მას უნივერსიტეტიდან არ უშვებდნენ, რათა სტუდენტები შიგნით არ შესულიყვნენ.
სტუდენტების მხარდასაჭერად თსუ-ში ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეებიც გადაადგილდნენ.
პროტესტის მონაწილეები შემდგომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ დაიძრნენ, მათი ნაწილი კი იქ შენობაში პროტესტის მიზნით ღამის გასათევად დარჩა.
მოგვიანებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პროტესტებში ასევე ჩაერთნენ.
სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.





